2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. წინასაარჩევნოდ საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხებზე საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატს „ქართული ოცნებიდან“ პაატა კვიჟინაძეს და კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ლევან ცუცქირიძეს ერთნაირი შეკითხვებით მივმართეთ.

– ბატონო პაატა, „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის დამნაშავე ორგანიზაცია და ის უნდა დასაჯონ და აკრძალონ. ამ 12 წლის განმავლობაში რატომ არ გამოიძიეთ ამ პარტიის დანაშაულებრივი ქმედებები და რატომ არ დასაჯეთ დამნაშავეები?

– ყველა ლიდერი გასამართლებულია, – მათ შორის, პრეზიდენტიც, მერაბიშვილიც და ა. შ. ახლა საუბარია იმაზე და ჩვენ ვთვლით, რომ ისინი ძირგამომთხრელ საქმიანობას ეწევიან ქვეყნის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, რომ გაიწმინდოს პოლიტიკური ველი და შემოვიდეს ახალი ოპოზიციური პარტიები, რომლებიც შემდეგში ჩანაცვლებენ „ქართულ ოცნებას“, როცა დრო მოვა, საჭიროა, რომ ეს პარტია იქნას აკრძალული.


– ბატონო ლევან, „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არის დამნაშავე ორგანიზაცია და ის უნდა დაისაჯოს, აიკრძალოს და პოლიტიკური ველი გაიწმინდოს. თქვენ რას ფიქრობთ პოლიტიკური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით?

დაუშვებელია პოლიტიკური პარტიების აკრძალვა, თუ ისინი არ ქადაგებენ ძალადობრივი გზებით ხელისუფლების დამხობას. ჩვენ საქართველოში ასეთი პარტიები არ გვყავს. „ქართული ოცნების“ ამოცანაა, რომ ამ ქვეყანაში დაამაყროს დიქტატურა. ამიტომ მისთვის სულერთია, ნებისმერ  პარტიას გამოაცხადებენ  მტრად, ისევე როგორც არასამთავრობო ორგანიზაციები გამოაცხადეს „უცხო ქვეყნის აგენტებად“, ოღონდ არავინ გამოააშკარავოს მათი კორუფცია და შეუსრულებელი დაპირებები. მათთვის ყველა მტერია, ვინც მათ მხარეს არ არის და ეს არასწორია.

– საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება ომით რატომ გვაშინებს?

პაატა კვიჟინაძე: ოთხი ომი გადავიტანეთ ამ ბოლო პერიოდში – სამოქალაქო ომი, ცხინვალის, აფხაზეთის ომი და კიდევ ცხინვალის. სხვათაშორის, სხვებისგან განსხვავებით, მე მონაწილე ვარ აფხაზეთისა და ცხინვალის ომების და დაჭრილიც ვარ. ამიტომ ძალიან კარგად ვიცი, რაც არის და ნურავინ ნუ მეტყვის, რომ ომი შეიძლება არ დაიწყოს.

აქ არავინ არ ამბობს არც რუსეთის სიკეთეს, საუბარია იმაზე, რომ რუსეთი ამნაირია. ადრეც იყო, ახლაც არის და იქნება ყოველთვის ამნაირი. ჩვენ უნდა მოვერიდოთ, გვეყოფა ოთხჯერ ომში ჩართვა, რამაც გაანახევრა მოსახლეობა და ეკონომიკაც გაანადგურა. ამიტომ გამორიცხულია ჩვენგან, რაიმე საბაბი მივცეთ ვინმეს, კიდევ ერთ ომში ჩაგვითრიოს.

როგორც იქნა დადგა პერიოდი და ეკონომიკის რვაპროცენტიანი ზრდა გვაქვს, ქვეყანა ფეხზე დგება და ეს უნდა გავაგრძელოთ. ამიტომ ჩვენ არანაირ ომში არ ჩავერთვებით.

ლევან ცუცქირიძე: მე არავისგან არ ველოდები ომს, პირიქით, თუ ჩვენ გვეყოლება ევროპული ტიპის დემოკრატიული კოალიციური მმართველობა ხელისუფლების სათავეში, ჩვენი ქვეყანა გახდება უფრო ძლიერი. ჩვენ შევძლებთ ევროკავბშირთან ურთიერთობის აღდგენას და სწრაფად ინტერგაციას. ეს გააძლიერებს ჩვენს ეკონომიკას, ჩვენს დაცულობას და უსაფრთხოებას. ჩვენ შევძლებთ აღვადგინოთ დიდ ბრიტანეთთან, ამერიკასთან და  ევროკავშირთან გაჩერებული სამხედრო თანამშრომლობის პროგრამები. მშვიდობის დაცვის მეტი შესაძლებლობა გვექნება, ვიდრე ახლა გაქვს.

– ბატონო პაატა, ევროკავშირი, „ქართულ ოცნებას“, თუ ის უმრავლესობით მოვა ხელისუფლებაში, აღარ გელაპარაკებათ ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე. „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი დაპირებაა ევროკავშირში გაწევრიანება. ამ პირობებში რას და როგორ აპირებთ?

– იგივეს ამბობდნენ, კანდიდატის სტატუსს არ მოგცემთო და მოგვცეს. ომის პარტიის წარმომადგენლებს, რომლებსაც გავლენა აქვთ ბევრ დეპუტატზე და რომლებმაც ვერ მოახერხეს ჩვენი ვერც სანქციებზე მიერთება და ვერც ომში ჩართვა, ურჩევნიათ მოიყვანონ ის ოპოზიცია, რომელიც ყველაფერზე ხელს მოაწერს. ამიტომ არის ეს ზეწოლა. სხვათაშორის, მორჩება თუ არა არჩევნები, ყველაფერი დალაგდება და ომი როცა მორჩება, ყველა ეს საკითხები დასრულდება.

 – ომის პარტიაში ვის გულისხმობთ?

– ომის პარტია ჩემი მოგონილი ტერმინი არ არის. ეიზენჰაუერმა თქვა, ამერიკის პრეზიდენტმა პირველად და ამის წინ ტრამპმაც იხმარა ეს სიტყვა. ომის პარტია არის ყველა, ვინც არის დაინტერესებული ომით.

– ვინ არის დაინტერესებული ომით და სად არიან ისინი?

– არიან კომპანიები, იარაღის მწარმოებლები, რომლებსაც აქვთ ინტერესი. ისინი არიან ამერიკაშიც და ევროპაშიც, მაგრამ ამერიკა არის წამყვანი ქვეყანა. ევროკავშირის პლიუსია და იმიტომ გვინდა მისი წევრობა, რომ იქ არის სოციალური სისტემა ყველაზე მაგარი მსოფლიოში, არის სასამართლო პროცესი, არის სამეწარმეო საქმიანობა, მაგრამ რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას და თავდაცვის პოლიტიკას, ევროპას პრაქტიკულად არ აქვს. ნატოს 80%-ს წარმოადგენს ამერიკა. ომის პარტიის წარმომადგენლები არინ ევროკავშირშიც და ამერიკაშიც.

ჩვენი მთავარი მიზანია, ევროკავშირში გაერთიანება. ჩვენ რომ დავსხდეთ და დავიწყოთ ფიქრი, სად წავიდეთ და რა ვქნათ, უბრალოდ ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ჩრდილოეთით არის რუსეთი, აღმოსავლეთით გვყავს სომხეთი და აზერბაიჯანი, რომლებსაც მისაბაძად ნამდვილად ვერ ავიღებთ, დაბლა გვყავს თურქეთი.

ჩვენ უბრალოდ სხვა გზა არა გვაქვს, ჩვენი მომავალი არის ევროპა და ამერიკა. ტყუილად ნუ ეჯიბრება ნურავინ ნურავის, ვინ უფრო მეტი ევროპელია. პირველ რიგში, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ინტერესები, მერე მეგობრების. ეს არის განსხვავება ჩვენსა და ოპოზიციას შორის. ჩვენთვის მთავარი ამწუთას არის ჩვენი ინტერესების დაცვა – არა ომს, არა სანქციებს.

ლევან ცუცქირიძე: – ქართველი ერის ინტერესია დემოკრატია, ხალხის მმართველობა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრთიანება. ეს წერია კონსტიტუციაში. „ქართული ოცნება“ საქართველოს ბიძინა ივანიშვილის ინტერესებით მართავს. ამიტომ მიდის ის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ.

კონსტიტუცია გვეუბნება, რომ საქართველო უნდა იყოს ევროკავშირის წევრი, ყველაფერი რაც ამას ეწინააღმდეგება, არის ეროვნული ინტერესის საწინააღმდეგო. ამას აკეთებს „ქართული ოცნება“ რუსული კანონების მიღებით, ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური კურსის გატარებით.

ევროპელი ლიდერების ნათქვამი შეიძლება გავიხსენოთ, თუ გაგრძელდება „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიული და ანტიდასავლური პოლიტიკა, ევროკავშირისკენ სავალი გზები არ გაიხსნება.

ამიტომ დღესავით ნათელია ყველაფერი, – „ქართულ ოცნებას“ არაფერი სხვა სათქმელი აღარა აქვს გარდა გლობალური ომის პარტიაზე საუბრისა. ვინ არის ამ პარტიის საპატიო თავმჯდომარე, სად არის მათი შტაბბინა, ვინ არიან ამ პარტიის წევრები?!  ერთადერთი ომის პარტია მე შემიძლია გითხართ, რომ არის მოსკოვში, კრემლში, სხვა ომის პარტია დედამიწაზე არ მეგულება; კიდევ ჰამასი და ჰეზბოლა, სადაც  დადის ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი.