კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი იმერეთში ამომრჩეველთა სხვადასხვა მიზნობრივ ჯგუფებს ხვდება. ერთ-ერთი ასეთი შეხვედრა მან ხარაგაულში საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად ჩართული ქალების წარმომადგენლებთან გამართა. შეხვედრაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განვითარების ამ დრომდე გამოუყენებელი ტურისტული შესაძლებლობები განიხილეს.
შეხვედრის შემდეგ ანა ნაცვლიშვილს რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ.
– იმერეთში თქვენი წინასაარჩევნო შეხვედრებისას ქალთა რომელი უმთავრესი პრობლემები გამოიკვეთა და როგორ აპირებთ ამ პრობლემების მოგვარებას?
– ქალთა ეკონომიკური გაძლიერება არის ის საკითხი, რომელზეც ბევრს ვმუშაობ, მოყოლებული პარლამენტიდან. ბევრი საკითხია, რომელიც ერთმანეთთან სიღრმისეულად არის გადაჯაჭვული. ქალთა ეკონომიკური აქტივობა ვერ იქნება რეალური, თუ არ მოგვარდება ისეთი ფუნდამენტური საკითხები, როგორიც არის გზები, ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურა. მეწარმე ქალი პროდუქციას რომ ქმნის, გასაღების ბაზარზე სწრაფად უნდა მიიტანოს.
შევხვდი აქტიურ ქალებს. მათ წინაშე ბევრი გამოწვევაა. მთავარი, რაც მათ აერთიანებს, არის ის, რომ სურთ ეკონომიკურად აქტიურები იყვნენ, ჩაერთონ თავიანთი ქალაქისა და სოფლის ცხოვრების განვითარებაში. თუმცა, დღეს ყველა ხვდება, რომ ცალკეული პრობლემების მოგვარება ვერ შეცვლის სურათს, სისტემური ცვლილებები გვჭირდება. ამის შესაძლებლობა რამდენიმე დღეში, 26 ოქტომბერს, გვექნება. ამ ცვლილებით შევქმნით ისეთ ეკონომიკურ და სოციალურ მოდელს, რომელიც თითოეული მოქალაქისთვის იმუშავებს.
– ამომრჩევლების ნაწილს ეშინია, რომ თუ ხმას „ქართულ ოცნებას“ არ მისცემენ, საქართველოს ჩაგვითრევენ ომში ისევე, როგორც, მათივე აზრით, ომში „ჩაითრიეს“ უკრაინა.
– ხელისუფლება, რომელიც პატივს სცემს თავის ამომრჩეველს, საარჩევნო კამპანიას შიშზე არ დააფუძნებს. პოლიტიკური პარტია, რომელიც 12 წელი იყო ხელისუფლებაში და საკონსტიტუციო უმრავლესობა ჰქონდა, ვერ საუბრობს გაკეთებულ საქმეზე, ვერ აჩვენებს ამ ქვეყნის განვითარებისთვის გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯებს, არც მომავლის ხედვა აქვს და მხოლოდ დაშინების იმედზეა დარჩენილი.
2011-2012 წლებში, როცა ივანიშვილი აქტიურ კამპანიას აწარმოებდა და როდესაც მან მართლა მიიღო ქართველი ხალხისგან მანდატი, ის ქარხნების აშენებაზე, უფასო ფულსა და სოფლებისთვის ხუთი მილიონი ლარის გამოყოფაზე საუბრობდა. ერთადერთი, – ტროლების ფერმა შექმნა და იქ მომუშავე ადამიანებს ცუდ დღეში აყენებს.
ხარაგაულის რომელ სოფელს ემჩნევა დღეს, რომ ან უფასო ფული აქვს იქ ხალხს, ან ხუთი მილიონი დაიხარჯა?!. შიდა გზებისა და წყლის პრობლემები ვერ მოაგვარეს და ვინმეს სჯერა, რომ „ქართული ოცნება“ რამე დიდ პრობლემას გადაჭრის?!
ხარაგაულის ერთ სოფელში ხანდაზმულმა ადამიანმა გვითხრა, ასე უომრად თუ შეიძლებოდა ქვეყნის განადგურება, ვერ წარმომედგინა, გაიხედავ-გამოიხედავ, ახალგაზრდები აღარ არიან სოფელშიო.
ახალგაზრდები მიდიან, ქვეყანა იცლება საქართველოს მოქალაქეებისგან და შემოდიან რუსეთისა და სხვა ქვეყნის მოქალაქეები. ეს არის ის კატასტროფა, რაც სინამდვილეში გადაშენებით გვემუქრება.
– ამომრჩეველთა ნაწილი ფიქრობს, რომ ოპოზიციური პარტიების გამარჯვების შემთხვევაში საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინება დაკანონდება. რამდენად რეალურია მათი შიში?
– ესეც არის ის პროპაგანდა, რომლის ამარაც დარჩა დღეს „ქართული ოცნება“ და მეტს ვერაფერს ვეღარ ეჭიდება. „ქართულ ოცნებას“ დღეს პრობლემების გადაჭრის გზებზე საუბარი არ შეუძლია, ამიტომ დაპირებები პროპაგანდით ჩაანაცვლა. ქვეყანაში, სადაც ხანდაზმულებს უწევთ იმის არჩევა, ზამთარში გათბობა ჩართონ, თუ წამალი შეიძინონ, საერთოდ რაზე ვსაუბრობთ?! თან ვნახეთ, რომ არსებობენ პრივილეგირებული პენსიონერები, რომლებსაც იმდენი ფული აქვთ, რომ შვილებისთვის ჩარტერულ თვითმფრინავს ქირაობენ.
საქართველოში დღეს სიღარიბე ბავშვებს სიცოცხლის ფასად უჯდებათ. ვნახეთ სიღარიბის გამო მიწაში ჯართის ძიებაში დამარხული ბავშვი, დენის საფასურის ვერგადახდის გამო სახლში გამომწვარი ბავშვები. ხელისუფლებამ აღიარა, რომ არსებობს ბავშვთა შიმშილობა და ბავშვთა სიღარიბის გამო პრემიერი შეცვალეს.
ამ ხელისუფლებამ მშობლის გარეშე დატოვა ათასობით ბავშვი, რადგან მშობლებს მოუწიათ სხვა ქვეყანაში წასვლა, რომ შვილები შიმშილით არ დაეხოცოთ. ეს ხელისუფლება ბედავს და ბავშვების სახელით მანიპულირებს. როგორ ახსენებენ ოჯახს, როცა ფაქტობრივად ოჯახები დაანგრიეს, – ერთი მშობელი სხვა ქვეყანაში წავიდა და მეორე შვილთან დარჩა. სიღარიბე, სიღატაკე და აღვირახსნილი კორუფცია ქუჩაში დადის და ამაზე პასუხი არ აქვთ. ამიტომ ცდილობენ, საზოგადოებაში ზიზღი გააღვივონ, გამოიგონონ მტერი და მერე ვითომ მასთან ბრძოლაში გახარჯონ ენერგია.
– ხარაგაულში ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შტაბის უფროსი ამბობს, რომ მმართველი პარტიის წარმომადგენლები სოფლის რწმუნებულებს ავალებენ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ ამომრჩეველთა ხმების 60% მაინც უზრუნველყონ. წინააღმდეგ შემთხვევაში მათ სამსახურიდან გათავისუფლებით ემუქრებიან. თქვენი კომენტარი ამასთან დაკავშირებით.
– არაერთი მტკიცებულება გვაქვს, რომ მმართველი პარტია ამომრჩევლების ხმების მობილიზაციისთვის დაშინებისა და მუქარის ტაქტიკას იყენებს. თუმცა, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, რომ საშიში მათთვის, მათი სამსახურებისა და შვილებისთვის ის იქნება, თუ ეს ხელისუფლება ძალაუფლებას შეინარჩუნებს. ბევრმა ადამიანმა ხარაგაულისა და სხვა მუნიციპალიტეტების სოფლებში გვითხრა, რომ შიშმა ეს ქვეყანა ცუდ გზაზე დააყენა და ახლა შიშის უფლება აღარ აქვთ. დარწმუნებული ვარ, ამომრჩევლებზე დაშინების ტაქტიკა არ იმუშავებს.
P.S. წინასაარჩევნო პერიოდში „ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ინტერვიუებს წერს არჩევნებში მონაწილე ნებისმიერი პარტიის ლიდერთან, რომელიც ხარაგაულელ ამომრჩევლებს ესტუმრება.
ამისათვის საჭიროა, რომ მმართველი და ოპოზიციური პარტიების ხარაგაულის რაიონული საარჩევნო შტატების წარმომადგენლები წინასწარ დაგვიკავშირდნენ და მათი პარტიის ლიდერების ვიზიტის შესახებ შეგვატყობინოთ.
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი