ევროკავშირის მიერ დაფინანსებულმა პროგრამამ „განათლება დასაქმებისთვის“ წარმატებით დაასრულა მეორე ფაზა და თბილისში ჩატარებულ დასკვნით ღონისძიებაზე ის ძირითადი შედეგები და წვლილი შეაჯამა, რომელიც მან დასაქმების გაუმჯობესების, უნარების განვითარებისა და ეკონომიკური ზრდის სფეროში შეიტანა მთელი საქართველოს მასშტაბით.

პროგრამა „განათლება დასაქმებისთვის“ 2019 წელს დაიწყო ევროკავშირის 48,85 მილიონი ევროს მოცულობის დაფინანსებით საბიუჯეტო და საგრანტო მხარდაჭერის, ტექნიკური დახმარების და ინსტიტუციური თანამშრომლობის განვითარების მიზნით, რამაც „მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა ქვეყანაში დასაქმების ლანდშაფტზე“, – ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

პროგრამის ძირითადი მიღწევები მოიცავს რამდენიმე ათასი ადამიანის მხარდაჭერას მათ პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების და დასაქმების პოვნის კუთხით, რაც რეგიონებში დაარსებული სპეციალური სასწავლო და დასაქმების ცენტრების საშუალებით განხორციელდა.

გარდა ამისა, კომპლექსური ტრენინგი ჩაუტარდათ ახალგაზრდობის საკითხებზე მომუშავე მობილურ სპეციალისტებს და პროფორიენტაციის კონსულტანტებს, რათა მიღებული ცოდნის საშუალებით მათ უკეთ შეძლებოდათ სამუშაოს მაძიებელთა დახმარება. პროგრამამ ხელი შეუწყო ასევე პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავებას კერძო სექტორთან, რითაც უზრუნველყოფილი იქნა ერთობლივი ძალისხმევა ადგილობრივი საზოგადოების წინაშე მდგარი დასაქმების პრობლემების გადასაჭრელად.

პროგრამის კონკრეტული შედეგები ასეთია: 6500-ზე მეტი ადამიანი გადამზადდა საბაზისო უნარებში, მეწარმეობასა და IT პროგრამირებაში; დასაქმდა 1700-ზე მეტი სამუშაოს მაძიებელი; 90 სკოლასა და 10 პროფესიულ სასწავლებელში შეიქმნა კოდირებისა და ტექ-მეწარმეობის კლუბები.

„ბოლო 16 წელია ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოში უნარების განვითარებას და დასაქმების ინიციატივებს. განათლება, უნარების განვითარება და შრომის ბაზრის საჭიროებებთან მათი შესაბამისობა გადამწყვეტია სიღარიბის შესამცირებლად, ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშესაწყობად და მდგრადი და ინკლუზიური ეკონომიკური ზრდისათვის საჭირო პირობების უზრუნველსაყოფად”, აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარების და თანამშრომლობის ხელმძღვანელმა ნიკოლას სენდროვიჩმა.