ეს ამბავი ერთდროულად საინტერესოცაა და უჩვეულოც. ხარაგაულის რაიონის სოფელ ჭარტალში, დაბურულ ტყეში, ხის სახლში ცხოვრობს 77 წლის იზოლდა ჩხეიძე, – სოფელზე, ბუნებაზე, ცხოველებსა და მსოფლიოში ცნობილ ფეხბურთელ ლიონელ მესიზე უზომოდ შეყვარებული.

ქალბატონი იზოლდა საოცრად ენერგიულია. ბოლო 23 წელი მეუღლესთან, დემო ჩხეიძესთან, ერთად ჭარტალში გაატარა. ერთი წელია, მარტოდმარტო ცხოვრობს და უვლის შინაურ ცხოველებს.

საინტერესოა მისი ოჯახის ისტორია. იზოლდა ჩხეიძე დიდი სითბოთი და სიყვარულით საუბრობს თავის დედამთილ-მამამთილზე. მისი მამამთილი, გრიგოლ ჩხეიძე, რომელიც მეორე მსოფლიო ომში დაღუპული ეგონათ, ოჯახს ომის დამთავრებიდან 11 წლის შემდეგ გამოეხმაურა და აცნობა, რომ ჰამბურგში ცხოვრობდა.

კომუნისტური მმართველობის წლებში ძნელი იყო მასთან უცხოეთში დაკავშირება. ამიტომ მოსკოვიდან ელაპარაკებოდნენ შვილი და რძალი.

საქართველოში იმ პირობით დავბრუნდები, თუ ჩემს ჭარტალში პატარა ქოხს ჩამიდგამთო, – უთქვამს შვილისთვის. დიდი ხვეწნის შემდეგ გადაწყვიტა გრიგოლ ჩხეიძემ საქართველოში დაბრუნება, მაგრამ პირველი მცდელობა უშედეგოდ დამთავრდა. უშიშროების სამსახურმა ბრესტში დააკავა.

ჰამბურგში მის სახლში იყრიდა თურმე თავს გასტროლებზე ჩასული ქართველობა – მოცეკვავეები, მსახიობები და ინტელიგენციის წარმომადგენლები. გრიგოლიც ყველას მასპინძლობდა და პატივს სცემდა. მაშინ უცხოეთში იშვიათად ცხოვრობდნენ ქართველები.

1972 წლიდან გრიგოლ ჩხეიძე ჰამბურგიდან ჭარტალში ჩამოვიდა საცხოვრებლად. ჰამბურგში დატოვა გერმანელი მეუღლე, პროფესიით ექიმი, რომელმაც დაჭრილი მეომარი, – გრიგოლი, – სიკვდილს გადაარჩინა და ქართველ მეუღლესთან, ვერა კაპანაძესთან ერთად გააგრძელა ცხოვრება. გრიგოლის დედა ცოცხალი იყო და მოესწრო „ომში დაკარგული“ შვილის დაბრუნებას.

84 წლის ასაკში გარდაიცვალა გრიგოლ ჩხეიძე. მეორმოცე დღეს მისი მეუღლეც იმქვეყნად გადასახლდა.

ქალბატონმა იზოლდამ მეუღლესთან ერთად ააღორძინა ჭარტალის მამაპაპისეული კერა და დღეს, შვილებისა და შვილიშვილების დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, სოფელს აღარ ტოვებს.

„11 აგვისტოს თბილისში მივდივარ სუპერთასის მატჩზე დასასწრებად. ლიონელ მესის ნახვა არის ჩემი ოცნება და მჯერა, მას აუცილებლად შევხდები. უფლის ნებაა ყველაფერი და ვნახოთ, რა მოხდება,“ – ამბობს ქალბატონი იზოლდა და მესისთან დაკავშირებულ ისტორიას გვიამბობს:

-მესის არც ერთი თამაში არ გამომიტოვებია. რამდენიმე ხნის წინ პირველ არხზე ვუყურებდი ფეხბურთს. საღამო ხანია და ჩემმა ძროხამ ატეხა ბღავილი, მშობიარობა დაეწყო. რაღას ვიზამდი,  ავუწიე ტელევიზორს ხმა და ჩავედი ბოსელში. თან გავიფიქრე, ხბოს მესის დავარქმევ-მეთქი. გაიტანა მესიმ გოლი და ხბოც დაიბადა.

ჩემ შვილს მოვუყევი ეს ამბავი და თან ვუთხარი, მესის წერილი უნდა გავუგზავნო და ეს ამბავი უნდა მოვუთხრო-მეთქი. დამთანხმდა.

ამ ზამთარს მანქანა მოადგა სახლს. გადმოვიდნენ გოგონები, – თქვენ ბრძანდებით იზოლდა ჩხეიძე, ჩვენ DHL-ის წარმომადგენლები ვართ, ფეხბურთელმა მესიმ ამანათი გამოგიგზავნათო. სიხარულისგან გადავირიე და დავიბენი. მესი მილიონში ერთ თაყვანისმცემელს თუ გასცემს პასუხს. გოგონებთან ერთად გავხსენი ამანათი. მესიმ თავისი სპორტული ფორმა, კალენდარი და თასი გამომიგზავნა.

ვერ გეტყვით, რატომ გამომარჩია. შეიძლება იმიტომ, წერილში რომ ჩავწერე, დაბურულ ტყეში მარტო ვცხოვრობ-მეთქი. ვიცი ისიც, რომ მესი ძალიან დიდ პატივს სცემს მოხუც ქალბატონებს. საყოველთაოდ ცნობილია, ლიონელ მესი ყველა გატანილი გოლის შემდეგ როდესაც თითს მაღლა იშვერს, წარმატებას ბებიას უძღვნის.

ჩემმა ბიჭმა უნდა ჩამიწყოს საქმე, რომ შევხდე მესის. 77 წლის ქალი ვარ და რაღაცნაირად უნდა მანახონ. რატომ მიყვარს მესი? ის ანტიკვარია, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ფეხბურთელია, თავმდაბალია, ვარსკვლავია, მას ვერავინ შეედრება. ასი წლის სიცოცხლე მომემატება, ის რომ ვნახო პირადად. იცის, რომ ველოდები. გაუმარჯოს მესის!

უეფას სუპერთასის მატჩი ბარსელონასა და სევილიას შორის „დინამოს“ არენაზე 11 აგვისტოს გაიმართება. იმედია, ქალბატონ იზოლდას გაუღიმებს ფორტუნა და შეხვდება მესის!

ნინო კაპანაძე

mesi