ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლებში ღვაწლმოსილ პედაგოგებთან შეხვედრები მიმდინარეობს.

ხარაგაულის #2 საჯარო სკოლას პედაგოგები – მაყვალა ფერაძე, ნაზი ჭიპაშვილი, კლარა ჭყოიძე, მანანა კვაშილავა, მარინა თაბუკაშვილი და ვალერი გოგნაძე სტუმრობდნენ.

„ხარაგაულის #2 საჯარო სკოლა უერთდება მერიის კულტურის სამსახურის ინიციატივას და მადლიერებას გამოვხატავთ იმ პედაგოგების მიმართ, ვინც მრავალი წლის განმავლობაში ღირსეულად ატარა მასწავლებლის სახელი და საამაყო თაობები აღზარდეს. გვინდა მოგეფეროთ და ლამაზი საღამო გაჩუქოთ“, – მიმართა შეხვედრაზე მყოფ საზოგადოებას სკოლის დირექტორმა ინგა ვეფხვაძემ.

დირექტორის მოადგილე თეა ტალახაძემ, რომელიც ამავე სკოლის კურსდამთავრებულია, გასული საუკუნის რთული პერიოდი – 90-იანი წლები გაიხსენა, როცა სკოლაში გასათბობად შეშა სახლებიდან მიჰქონდათ, ცარცს კი თაბაშირით ამზადებდნენ. მძიმე ყოფის მიუხედავად, მასწავლებლებს სკოლისა და მოსწავლეებისთვის არასდროს უღალატიათ და თავიანთ საქმეს ერთგულად ემსახურენ.

ღონისძიებაზე მოსწავლეებმა ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის დირექტორის, აწ გარდაცვლილი გივი გოგოლაძის მზითა და სიყვარულით გამთბარი ლექსები წაიკითხეს, შეასრულეს სიმღერები და ცეკვები.

მასწავლებელმა ციური სულამანიძემ მოწვეულ ღვაწლმოსილ პედაგოგებს გმირები უწოდა და აღნიშნა, რომ თითოეული მათგანი სიკეთის, სინდისიერების, ერთგულების განსახიერებაა. მათგან მოსწავლეებმა და უმცროსმა კოლეგებმა საუკეთესო პიროვნული და პროფესიული უნარ-ჩვევები შეიძინეს.

„მასწავლებლისთვის მოსწავლის წარმატება ყველაზე დიდი ჯილდოა, – აღნიშნა ღონისძიებაზე პედაგოგმა თამარ სულიაურმა, – კოლეგები წლების განმავლობაში ვუზიარებდით ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას.

ბედნიერი ვარ, რომ საუკეთესო დირექტორების – ვერა ლეჟავას, გივი გოგოლაძის, ვალერი გოგნაძის გვერდით ვმუშაობდი. ჩვენს ურთიერთობებს ყოველთვის ახლდა პატივისცემა, სიყვარული, თანადგომა.

თქვენ, ღვაწლმოსილმა პედაგოგებმა, მოსწავლეების გარდა, – არაჩვეულებრივი შვილები გაზარდეთ და შვილიშვილებსაც დააჩნიეთ კვალი. სიკეთეს, სიხარულს, ჯანმრთელობასა და ბედნიერებას გისურვებთ“.

ღვაწლმოსილ მასწავლებლებს ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მარინა ვეფხვაძე და მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი ირინე ჩხეიძე მიესალმენ. ორივე მათგანისთვის ხარაგაულის #2 საჯარო სკოლა მშობლიურია.

„არც ერთ პროფესიას არ ახლავს იმდენი სითბო და სიყვარული, რამდენიც მასწავლებლის პროფესიას, – აღნიშნა მარინა ვეფხვაძემ, – ამ ყველაფერს კი მასწავლებელი მოსწავლეებიდან იღებს. მახსოვს, მამაჩემი სკოლიდან რომ წამოვიდა, შუადღისთვის სახლიდან გამოდიოდა და სკოლიდან მომავალ მოსწავლებს ესაუბრებოდა.

წარმომიდგენია, როგორი განცდით მოხვედით დღეს იმ სკოლაში, სადაც არაერთი თაობა აღზარდეთ, საგზლად ცოდნა და საუკეთესო თვისებები გაატანეთ.“

ირინე ჩხეიძემ მადლობა გადაუხადა მერიის კულტურის სამსახურის თანამშრომელ ლელა შარიქაძეს ასეთი კარგი პროექტის ინიცირებისთვის. „ნამდვილად გეკუთვნით მადლობა, ჩემო პედაგოგებო, – ამბობს ირინე ჩხეიძე, – ჩემთვის განსაკუთრებით ამაღელვებელია ამ სკოლაში მოსვლა, რადგან აქ ვსწავლობდი, ჩემმა შვილმაც ეს სკოლა დაამთავრა და თქვენი კოლეგა იყო ჩემი გამზრდელი მამიდა.

მადლობა, რომ სიყვარული მასწავლეთ, თქვენი დამსახურებაა, თუ მე დღეს რამეს წარმოვადგენ“.

17 წელი ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის დირექტორად მუშაობდა ვალერი გოგნაძე. მისთვის მუდამ საამაყოდ დარჩება ამ სკოლაში გატარებული წლები, მოსწავლეები და მასწავლებლები.

ღვაწლმოსილმა პედაგოგმა მაყვალა ფერაძემ მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებს. „ძალიან მიყვარხართ ყველა – ისინი, ვინც ხშირად მეხმიანებით ტელეფონით, ისინი, ვინც მოკრძალებული საჩუქრებით მანებივრებთ, ისინი, ვინც ვერ მიკავშირდებით, თუმცა, თქვენგან სითბოსა და სიყვარულს მუდმივად ვგრძნობ, – ამბობს მაყვალა მასწავლებელი, – 50 წელზე მეტი ვიმუშავე ამ სკოლაში, 25 წელი ამ სკოლის დირექტორი იყო ჩემი მეუღლე გივი გოგოლაძე. აქ დაფრთიანდნენ ჩემი შვილები და შვილიშვილები. ამიტომ მე დღეს ამაყად და ხმამაღლა ვამბობ, რომ ეს სკოლა იყო, არის და იქნება ჩემი მეორე ოჯახი.

გივის გარდაცვალების შემდეგ, შვილების გარდა, დამრჩა ჩემთვის უძვირფასესი საგანძური, მისი შემოქმედების სახით, და მინდა ეს საგანძური –  გივი გოგოლაძის წიგნი „კეთილ გულით მოძღვნილია“ – ჩვენი სკოლის დღევანდელ დირექტორს გადავცე. დიდი მადლობა ჩვენი დაფასებისთვის. იდღეგრძელეთ, მრავალჟამიერ“.

ღონისძიების ბოლოს ღვაწლმოსილ პედაგოგებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისგან საჩუქრები გადაეცათ. მსგავსი მადლიერების საღამო უკვე გაიმართა ვერტყვიჭალის, ნადაბურისა და კიცხის საჯარო სკოლებში.

ნინო კაპანაძე