გაეროს ბავშვთა ფონდი მოუწოდებს მთავრობას პრიორიტეტად მიიჩნიოს ხარისხიან განათლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობა, რათა ყველა ბავშვს, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებსა და რთულად მისაწვდომ და მოწყვლად რაიონებში მაცხოვრებლებს, ხელი მიუწვდებოდეთ ხარისხიან და უსაფრთხო ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაზე, კლასგარეშე და სოციალურ ინკლუზიაზე მიმართულ აქტივობებზე, ინოვაციურ საგანმანათლებლო რესურსებსა და განმანათლებლებისგან და სასკოლო თემისგან უწყვეტ მხარდაჭერაზე.

81 ქვეყანაში ჩატარებული მოსწავლეთა შეფასების საერთაშორისო პროგრამის, PISA 2022-ის კვლევამ აჩვენა მოსწავლეთა ზოგადი შედეგების გაუარესება. ძალიან ცოტა ქვეყანამ მოახერხა მოსწავლეთა შედეგების დონის შენარჩუნება ან გაუმჯობესება.

საქართველოში მოსწავლეთა შედეგები PISA 2018-ის მონაცემებთან შედარებით არ შეცვლილა და კვლავინდებურად მნიშვნელოვნად ჩამორჩება ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის (OECD) ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს. ამჯერად საქართველოს მოსწავლეებმა დაიკავეს 59-ე ადგილი მათემატიკაში, 66-ე ადგილი კითხვაში და 65-ე ადგილი საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში.

PISA 2022-ის შედეგები ნათლად ასახავს განათლების სისტემაში არსებულ უთანასწორობას. ქალაქში მცხოვრები მოსწავლეების შედეგები უფრო მაღალია სოფლად მცხოვრები მოსწავლეების შედეგებზე, ხოლო სოციალურად და ეკონომიკურად დაცულ მოსწავლეებს უკეთესი აკადემიური მოსწრება აქვთ, ვიდრე მათ თანატოლებს მოწყვლადი ჯგუფებიდან.

ასევე მოსწავლეებს, რომელთა სწავლა-სწავლების ენა ქართულია, უკეთესი შედეგები აქვთ, ვიდრე მათ,  რომლებიც აზერბაიჯანულ ენაზე იღებენ განათლებას. გარდა ამისა, კერძო სკოლების მოსწავლეებს უფრო მაღალი შედეგები აქვთ, ვიდრე საჯარო სკოლის მოსწავლეებს.

ბოლო წლებში ხარისხიან განათლებაზე არათანაბარ ხელმისაწვდომობას განსაკუთრებით შეუწყო ხელი კორონავირუსის პანდემიამ. საქართველოში გამოკითხული მოსწავლეების ნახევარზე მეტმა განაცხადა, რომ მათი სკოლის შენობა სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში იყო დახურული COVID-19-ის გამო.

დისტანციური სწავლა-სწავლების პერიოდში მოსწავლეების 32%-ს სულ მცირე კვირაში ერთხელ ექმნებოდა სირთულეები სასკოლო დავალების გაგებაში, ხოლო 30%-ს უჭირდა ისეთი ვინმეს მოძებნა, ვინც მათ სასკოლო დავალების გაკეთებაში დაეხმარებოდა. ამის შედეგად მოსწავლეთა 44%-მა განაცხადა, რომ დისტანციური სწავლის დროს პროგრამას ჩამორჩა.

PISA ხელმძღვანელობს მთელი სიცოცხლის განმავლობაში სწავლის პრინციპით და ზომავს 15 წლის მოსწავლეების ცოდნასა და უნარებს ზემოაღნიშნულ სამ საგანში, რომელიც მათ სჭირდებათ ყოველდღიურ ცხოვრებაში, მათ შორის ცოდნისა და უნარების რეპროდუქციასა და გამოყენებას პრობლემების გადაჭრაში, ინფორმაციის გაგებისა და გაანალიზების უნარს, ლოგიკური და მეცნიერული ახსნის უნარს, მტკიცებულებაზე დაფუძნებული დასკვნების გამოტანისა და  ეფექტიანი კომუნიკაციის უნარებს სკოლასა და სკოლის გარეთ, სხვადასხვა რეალურ და ცხოვრებისეულ სიტუაციებში.

კვლევის შედეგებით გამოვლენილი ხარვეზების აღმოსაფხვრელად მნიშვნელოვანია, ყველა ბავშვს ჰქონდეს შესაძლებლობა, განავითაროს ტრანსფერული უნარები, რომლებიც დაეხმარება მათ, გახდნენ მსწავლელები და მოქალაქეები, რომლებსაც  შეუძლიათ ადაპტირება საჭიროების შემთხვევაში და აღჭურვილნი არიან პირად, სოციალურ, აკადემიურ, ეკონომიკურ და გარემოსდაცვით გამოწვევებთან გამკლავების უნარებით.

ფორმალური და არაფორმალური სწავლა-სწავლების პრაქტიკაში წამყვანი როლი უნდა მიენიჭოს ისეთ უნარებს, როგორიცაა პრობლემების გადაჭრა, მოლაპარაკება, ემპათია, კომუნიკაცია, მონაწილეობა, თამაში, მშვიდობისმყოფელობა, გარემოსდაცვითი ცნობიერება და ემოციური და მენტალური კეთილდღეობა.

გაეროს ბავშვთა ფონდი მოუწოდებს მთავრობას, მეტი ყურადღება გაამახვილოს დაბალი შედეგების მქონე სკოლებსა და ყველაზე დაუცველ ბავშვებზე, რათა აღმოფხვრას განათლების სისტემაში არსებული უთანასწორობა. იგი ასევე მოუწოდებს, რომ მასწავლებლებსა და სკოლის ლიდერებს, მათ შორის ეთნიკური უმცირესობების განმანათლებლებს, ჰქონდეთ უწყვეტი ხელმისაწვდომობა მაღალი ხარისხისა და ეფექტიან პროფესიული განვითარებისა და საგანმანათლობლო პროგრამებზე, როგორც პროფესიული საქმიანობის დაწყებამდე, ასევე პროფესიული საქმიანობის განხორციელების პერიოდში, რაც უზრუნველყოფს ბავშვზე ორიენტირებული და ინოვაციური სწავლა-სწავლების ხელსაყრელ გარემოს.

გაეროს ბავშვთა ფონდი განაგრძობს მუშაობას მთავრობასთან, განმანათლებლებთან და ადგილობრივ საზოგადოებასთან საქართველოს ყველა ბავშვისთვის ძლიერი და ინკლუზიური საგანმანათლებლო გარემოს შესაქმნელად.

წყარო