ბორის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი მაია ბარბაქაძე საერთაშორისო სტაჟირების უნივერსიტეტის ინტერაქტიული პროგრამის – „BIKEP india სეზონი 2“-ის საერთაშორისო სესიაზე, ხუთ ქართველ პედაგოგთან ერთად, ინდოეთში იმყოფებოდა.
„ჩემი თვალით დანახული ინდოეთი რეალური ზღაპარია, – იქაურ შთაბეჭდილებებს გვიზიარებს ქალბატონი მაია, – საოცარი ფერებით, არაჩვეულებრივი თბილი და მოსიყვარულე ადამიანებით გამორჩეული კულტურითა და ისტორიით, ულამაზესი ძეგლებითა და არქიტექტურით, ასევე ინდური ტრადიციებითა და ეროვნული სამოსით.
ინდოეთში ყველამ და ყველაფერმა ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა; ეს იყო დიდი ემოციებით დატვირთული დღეები, რომელიც არასოდეს დამავიწყდება.
იქაური ხალხი უდიდეს პატივისცემას გამოხატავენ სტუმრების მიმართ. თითოეული დელეგატის უსაფრთხოებაზე ზრუნვა მათი უმთავრესი მოვალეობა იყო. ცდილობდნენ, ჩვენს სურვილებს მორგებოდნენ და გამოეცნოთ.
აღფრთოვანებული ვარ ინდოეთის არქიტექტურითა და კუტურული ძეგლებით. მოვინახულეთ ლოტუსის ტაძარი, ინდოეთის კარიბჭე, ოქროს ტაძარი, ტაჯმაჰალი. არ შეიძლება ადამიანი გულგრილი დარჩეს ამ სანახაობით. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ ოდესმე იქ მოვხვდებოდი და იმ სილამაზეს საკუთარი თვალით აღვიქვამდი. მადლობა უფალს და მადლობა ამ პროექტის ხელმძღვანელებს, რომ ამის შესაძლებლობა მომეცა.
ინდოეთი საკმაოდ მრავალრიცხოვანი ქვეყანაა და ყველა ადამიანს არ აქვს საშუალება, უზრუნველყოფილი იყოს საკუთარი შემოსავლებით. ამიტომ მათ ყოველდღიურად დღეში სამჯერადად შეუძლიათ უფასოდ მიირთვან საკვები ტაძრებში. ერთ-ერთ სადილზე ჩვენც მიგვიწვიეს. დავათვალიერეთ ინდური სამზარეულო; გავეცანით ადამიანებს, რომლებიც ყოველდღიურად თავიანთ თანამემამულეებზე ზრუნავენ.
პროგრამაში მონაწილე დელეგატებისთვის განსაზღვრული იყო როგორც საგანმანათლებლო, შემეცნებითი აქტივობები, ისე სანახაობრივი კულტურული მემკვიდრეობის დათვალიერება. დღის ბოლოს ერთმანეთს ინფორმაციებს ვუზიარებდით და დისკუსიები ეწყობოდა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული დელეგატები საკუთარი ქვეყნის კულტურას, ტრადიციებს წარმოაჩენდნენ, რაც ძალიან საინტერესო იყო თითოეული ჩვენგანისთვის.
ინდოეთი გამორჩეულად და სწრაფი ტემპებით ავითარებს ეკონომიკას. თუმცა მთავარ პრობლემად აქ მოზარდებისთვის სრულყოფილი განათლების მიღება რჩება.
ამ ქვეყნის კანონმდებლობით, 6-დან 14 წლამდე ასაკის მოზარდებისთვის განათლების მიღება სავალდებულო უფლებაა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაწყებითი განათლება, რაც წერა-კითხვის სწავლას მოიცავს. სკოლის შენობა და ინფრასტრუქტურა ნამდვილად არ შეეფერებოდა თანამედროვე სასწავლო გარემოს; თუმცა, აღფრთოვანებული დავრჩი იმით, რომ მასწავლებლები, რთული პირობების მიუხედავად, ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ბავშვები განათლების გარეშე არ დატოვონ.
ინდოეთის მთავრობა ცდილობს, სკოლები სოფლებშიც გააძლიეროს და იქაურ ბავშვებს განათლების მიღების შესაძლებლობა მისცეს. ნელ-ნელა იცვლება ქალების მიმართ დამოკიდებულება და იზრდება მათი უფლებები. ჩვენ ვნახეთ და გავეცანით ქალებს, რომლებიც სწავლობენ, ზრუნავენ სხვების განათლებისთვის თავიანთ თემებსა და სოფლებში.
სკოლებში, უმეტესად, პრაქტიკული მუშაობის მეთოდების გამოყენებას ცდილობენ. მასწავლებლებს მინიმალური სასწავლო რესურსები აქვთ, თუმცა თავიანთ შესაძლებლობებს მაქსიმალურად იყენებენ. ბავშვები ძალიან მონდომებულები, ენერგიულები და სწავლისადმი მაღალი მოტივაციით გამსჭვალულები არიან. ძალიან ემოციურია, როცა სწავლისადმი ასეთ დამოკიდებულებას მოსწავლის თვალებში კითხულობ.
უზომოდ ბედნიერი ვარ, რადგან მომეცა შესაძლებლობა, მონაწილეობა მიმეღო ამ მოსწავლეების სწავლის პროცესის გამრავალფეროვნებაში. ინდოეთში ჩავიტანეთ ჩვენი სასწავლო რესურსები, გავაცანით სწავლების ქართული მეთოდები, მიდგომები და სტრატეგიები; ვუამბეთ ჩვენი ქვეყნის ისტორია. ჩავატარეთ 10-10 წუთიანი მასტერკლასები, ჩვენი საგნებიდან გამომდინარე. გვქონდა თამაშით სწავლების აქტივობები, სახალისო მიდგომები, რითაც გარკვეული სიახლე შევიტანეთ მათი განათლების პროცესში.
ვიმედოვნებ, რომ ეს პროცესი არ გაჩერდება და შემდეგ წლებში საერთაშორისო სტაჟირების უნივერსიტეტი კიდევ უფრო მეტ აქტივობას დაგეგმავს და განახორციელებს.
მადლობა ამ უნივერსიტეტს დამფუძნებელს ბატონ პეუშ პანდიტს, პროექტის ხელმძღვანელ ინგა ხარჩილავას, ასევე მთლიან გუნდს იმ შესაძლებლობისთვის, რაც ამ მოგზაურობით ჩვენ მივიღეთ და შევიმეცნეთ.
იმედი გვაქვს, რომ ჩვენი ქვეყანაც იქნება BIKEP-ის ერთ-ერთი სეზონის მასპინძელი და მოგვეცემა შესაძლებლობა, ქართული განათლების მეთოდები და პრინციპები მსოფლიო სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებს ვაჩვენოთ; ჩვენს მოსწავლეებსაც ექნებათ შესაძლებლობა, პირისპირ გაიზიარონ, გაიცნონ სხვადასხვა ქვეყნების განათლების მიდგომები, რაც ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება ჩვენი მოზარდებისთვის“.
თამთა გოგოლაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი