მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის, ყოვლადუსამღვდელოეს მელქისედეკის სააღდგომო ეპისტოლე
ქრისტე აღსდგა!
„ნუ განჰკრთებით! იესუს ეძიებთ ნაზარეველსა, ჯუარ-ცმულსა; აღჰსდგა“ (მკ. 16:6)
ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო!
აღდგომის დიდი მარხვის დასრულების შემდეგ, უფლის მადლითა და წყალობით, კიდევ ერთხელ მეძლევა საშუალება, რომ ამ წმინდა კათედრიდან მოგილოცოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და გახაროთ – ქრისტე აღსდგა!
განა საოცარი არაა წარმოიდგინო, რომ ცისა და მიწის შემოქმედი, სამყაროს უფალი, მოევლინა ცოდვის მორევში მყოფ დედამიწას, იცხოვრა ჩვენ გვერდით, ივნო, ჯვარზე გაეკრა, დაეფლა და აღსდგა. მაგრამ რატომ? რა გავაკეთეთ, რომ ეს ყველაფერი დაგვემსახურებინა?
პასუხი მარტივია – უბრალოდ, უფალს უპირობოდ ვუყვარვართ და ამიტომ, მზადაა მოვიდეს, მოგვიტევოს, გვასწავლოს, ეწამოს ჩვენთვის და დაეფლას, თუნდაც ვუღალატოთ, ოცდაათ ვერცხლად გავყიდოთ იგი და სასიკვდილოდ გავიმეტოთ, მაინც აღსდგება, მაინც მოვა ჩვენთან, სიყვარულით ჩაგვიხუტებს, მოგვიტევებს ცოდვებს და სწორი გზისკენ მიგვითითებს! ამ მოვლენას ვდღესასწაულობთ დღეს და ვახარებთ ერთმანეთს – ქრისტე აღსდგა!
პავლე მოციქული, კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში წერს: „სადა არს, სიკუდილო, საწერტელი შენი? სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაჲ შენი?“ (1 კორ.15:58) როდის იძლია სიკვდილი? როდის შეიმუსრა ჯოჯოხეთის ბჭენი? რა თქმა უნდა, სწორედ მაცხოვრის აღდგომის ჟამს და თუკი გვწამს, რომ ქრისტე აღსდგა, იმისიც უნდა გვწამდეს, რომ მისით და მასთან ერთად ჩვენც აღვსდექით, ჩვენც ვძლიეთ სიკვდილს და ჩვენც დავამსხვრიეთ ჯოჯოხეთის კარიბჭე. დანარჩენი უბრალოდ დროის საკითხია, მთავარია, არ დავივიწყოთ აღდგომის სიდიადე და ერთმანეთს ვახაროთ, რომ ქრისტე აღსდგა!
ქრისტეს მიერ საყვარელო ძმანო და დანო, ეს ბრწყინვალე დღესასწაული გვასწავლის, ერთი მხრივ, გოლგოთის ტკივილს, სირთულესა და ტანჯვას, მეორე მხრივ კი აღდგომის ბრწყინვალებას, სიხარულსა და ბედნიერებას! დიახ, მკვდრეთით აღდგომილმა უფალმა გვაუწყა, რომ გოლგოთა დროებითია – აღდგომა კი მარადიული. დაე, ჩვენც ქრისტესთან ერთად აღვსდგეთ, ავმაღლდეთ და ბოლომდე ვუერთგულოთ მისადმი რწმენას!
ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა!
თქვენთვის მლოცველი
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე)
აღდგომა ქრისტესი, 2023 წელი
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.