5 აპრილს ხარაგაულის კინოთეატრში ახალგაზრდული ფესტივალი საზეიმოდ გაიხსნება.
ამ ფესტივალის ორგანიზატორი ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრია.
ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებზე კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი გვესაუბრება.
– 26 წლის წინ, მე და ნიკო მაჭავარიანმა, ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტში რომ ვმუშაობდით, დავაფუძნეთ ახალგაზრდული ფესტივალი „სხივი“, – ამბობს მამუკა ჭიპაშვილი, – საკმაოდ საინტერესო ღონისძიებები ტარდებოდა. იმ ფესტივალს ზედიზედ ოთხი წლის განმავლობაში ვატარებდით.
გადავწყვიტეთ, ახალგაზრდული ფესტივალი აღვადგინოთ. ბევრ საინტერესო და ახალ ღონისძიებას ვგეგმავთ. რაც მთავარია, ფესტივალში ჩართულია ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი 26-ვე სკოლა და 20-ვე ადმინისტრაციული ერთეული.
ფესტივალის შემეცნებითი, გასართობი თუ სპორტული ღონისძიებები ხარაგაულში მოქმედ თითქმის ყველა სამსახურთან თანამშრომლობით დავგეგმეთ. ფესტივალის ორგანიზებაში ჩართულები არიან – საგანმანათლებლო რესურსცენტრი, მერიის კულტურის სამსახური, მოსწავლეთა სახლი, სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი, სამუსიკო სკოლა, ახალგაზრდული საკრებულო.
შესაძლოა, ფესტივალის განრიგში მცირედი ცვლილებები, ამინდიდან გამომდინარე, შევიდეს.
5 აპრილს ფესტივალი 15:00 საათზე გაიხსნება „ფესტივალის ჰიმნით“, რომლის ტექსტის ავტორი აწ გარდაცვლილი ჩვენი მეგობარი ვეფხვია ღონღაძეა. შემდეგ „მხიარულთა და საზრიანთა კონკურსის“ შესარჩევი ტური გაიმართება. ამ ტურში ხარაგაულის სასულიერო გიმნაზიის, #2, #3, ვახანის, საღანძილის, ლეღვანის, მოლითის, კიცხის, ვარძიის, ბორის, ვერტყვიჭალის, წიფის, ნადაბურისა და ბორითის სკოლების გუნდები მონაწილეობენ.
ამ გუნდების პროგრამებს გავეცანი. „მხიარულთა და საზრიანთა კონკურსში“ ჩასართავად სკოლების მოტივაცია ხარაგაულის გუნდის – „ჭირიმეს“ წარმატებამაც განაპირობა.
მოსწავლეები ცდილობენ, რომ თავიანთი სოფლის პრობლემები იუმორით წარმოადგინონ. განსხვავებული და საინტერესო პროგრამები აქვთ. თუმცა, მათ მიმართ ძალიან კრიტიკულებიც არ უნდა ვიყოთ იმიტომ, რომ მოსწავლეთა უმრავლეობა სცენაზე პირველად გამოდის.
ფესტივალის ფარგლებში რამდენიმე ახალი ღონისძიება იგეგმება; მათ შორის – ლიტერატურული კონკურსი „ოდეონი“ მხოლოდ მოსწავლეებისა და ახალგაზრდებისთვის. ამ ღონისძიების ორგანიზატორია ლიტერატურული თეატრი და მისი ხელმძღვანელი იზა ვეფხვაძე. მისივე ორგანიზებით ჩატარდება სათავგადასავლო ღონისძიება „ეძიე წიგნი“;
ინტელექტუალური თამაში „რა? სად? როდის?“ განსხვავებული ფორმატით ჩატარდება. პირველ ტურში ყველა მონაწილე გუნდი ერთად ითამაშებს. მათთვის ერთნაირი 20 ინტელექტუალური შეკითხვა დაისმება. შემდეგ ეტაპზე გადავა ორი საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი, რომლებიც ბრძოლას „ბროლის ბუს“ მოსაპოვებლად „მრგვალ მაგიდასთან“ გააგრძელებენ.
ახალგაზრდული ფესტივალი „გაზაფხულის ხარაგაული“ 18 მაისს დაიხურება.
18 მაისი „ეროვნული სამოსის დღეა“ და ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი ქუჩებში ტრადიციულ მსვლელობას მოაწყობს. დღის ბოლოს შემაჯამებელი ღონისძიება ხარაგაულის კულტურისა დასვენების პარკში გაიმართება.
„გაზაფხულის ფესტივალი“ საინტერესო და რაც მთვარია, ხარისხიანი ღონისძიებებით დატვირთული იქნება.
ნინო კაპანაძე
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.