2024 წელს საქართველოს პარლამენტის არჩევნებში ამომრჩეველთა თითქმის 90% კენჭისყრაში მონაწილეობას ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით მიიღებს.

იმ საარჩევნო უბნებზე კი, სადაც ტექნოლოგიები არ იქნება გამოყენებული, ბიულეტენები გაციფრულდება. შესაბამისი გადაწყვეტილება ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მიიღო და განკარგულებით განსაზღვრა ის საარჩევნო უბნები, სადაც 2024 წელს არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება.

2024 წლის არჩევნები, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება ყველა თვითმმართველ ქალაქსა და მუნიციპალიტეტების იმ საარჩევნო უბნებზე, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა აღემატება 300 ამომრჩეველს და ამავდროულად შესაბამის საუბნო საარჩევნო კომისიის მისამართსა და საოლქო საარჩევნო კომისიის მისამართს შორის მანძილი არ აღემატება 20 კმ-ს.

#48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გია ცისკაძესგან მოპოვებული ინფორმაციით, ხარაგაულში ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით არჩევნები 37 საარჩევნო უბნიდან 18 საარჩევნო უბანზე ჩატარდება.

„ამომრჩეველი ჩვეულებრივად მივა უბანზე ხმის მისაცემად. არჩევნებში მონაწილეობისთვის მას აუცილებლად ელექტრონული პირადობის მოწმობა, ანუ ID ბარათი, ან პასპორტი უნდა ჰქონდეს. საარჩევნო ბიულეტენზე ხმის მიცემის შემდეგ ბიულეტენი სპეციალურ ელექტრონულ მოწყობილობაში დასკანერდება.

ამ ეტაპზე არჩევნების ელექტრონულად ჩატარების შესახებ დეტალურ ინფორმაციას არ ფლობთ. შუალედურ არჩევნებზე, რომლებიც სხვადასხვა საარჩევნო ოლქებში ტარდება, დამკვირვებლად გვაგზავნიან, სადაც ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებას ვეუფლებით. 2024 წლის არჩევნებისთვის ტრენინგები  ჩაგვიტარდება.

ხარაგაულში 18 საარჩევნო უბანი შეირჩა. შერჩევის კრიტერიუმია – უბანზე რეგისტრირებული 300-ზე მეტი ამომრჩეველი და საოლქო კომისიიდან საარჩევნო უბნამდე მანძილი, რაც 20 კილომეტრს არ უნდა აღემატებოდეს. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ რაიმე ტექნიკური შეფერხების შემთხვევაში, ოლქიდან უბანზე დროულად მივიდეთ“.

გთავაზობთ ხარაგაულის საარჩევნო ოლქში იმ საარჩევნო უბნების ჩამონათვალს, სადაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდება.

#48.01 დაბა ხარაგაული;
#48.02 პატარა ხარაგაული;
#48.03 ბაზალეთი;
#48.08 ვარძია;
#48.09 ვახანი;
#48.11 კიცხი;
#48.12 თეთრაწყარო;
#48.13 ლაშე;
#48.14 ლეღვანი;
#48.15 მარელისი;
#48.17 მოლითი;
#48.19 ქვები;
#48.21 სარგვეში;
#48.23 საღანძილე;
#48.26 ფარცხნალი;
#48.29 წყალაფორეთი;
#48.31 ხიდარი;
#48.35 საქარიქედი.