„მხიარული სტარტების“ ფინალში ერთმანეთს ზონალურ ტურებში გამარჯვებული ხარაგაულის #2, ზვარის, ბორისა და ხევის საჯარო სკოლების გუნდები შეხვდნენ.

შეჯიბრი დაძაბულად წარიმართა, თითოეულმა გუნდმა ოთხ-ოთხ თამაშში მიიღო მონაწილეობა. პირველ ეტაპზე ერთმანეთს ხარაგაულის #2 სკოლის გუნდი, ზვარის სკოლის გუნდს შეხვდა. გამარჯვება ზვარის სკოლის გუნდმა მოიპოვა. ბორისა და ხევის სკოლებს შორის შეჯიბრებაში დამაჯერებელი გამარჯვება ხევის სკოლის გუნდმა მოიპოვა.

საბოლოოდ, ერთმანეთს ხევისა და ზვარის საჯარო სკოლების გუნდები შეხვდნენ.

ფინალური შეხვედრის ბედი „ბაგირის გადაწევამ“ გადაწყვიტა. საბოლოოდ, ანგარიშით 53:44, ხევის საჯარო სკოლის გუნდმა გაიმარჯვა.

ხარაგაულის #2 სკოლის მოსწავლეები ანა ნიქაცაძე და თენგიზ სირაძე ამბობენ, რომ  წელს „მხიარულ სტარტებში“ პირველად ჩაერთვნენ და ზონალურ შეჯიბრზე გამარჯვება მათთვის ძალიან სასიხარული იყო. მათთვის ყველაზე იოლი „ბურთის ტარება დაბრკოლებებს შორის“ იყო, მაგრამ „ბაბაჯანების“ თამაშმა ძალიან გააწვალათ.

„მხიარული სტარტების“ ზონალურ ტურამდე ეს შეჯიბრი სკოლაში ჩავატარეთ და მასში მასწავლებლებიც ჩავერთეთ, – ამბობს ზვარის საჯარო სკოლის დირექტორი ნატო შათირიშვილი, – ამის შედეგი იყო ალბათ, რომ ზონალურ შეხვედრაში გავიმარჯვეთ. ფინალური შეხვედრისთვის აქტიურად ვემზადებოდით, სკოლამ „მხიარული სტარტებში“ მონაწლეობისთვის სპეციალური ინვენტარი შევიძინეთ, რომელსაც სავარჯიშოდ ვიყენებდით”.

„მხიარული სტარტები“ ჩემთვის ძალიან სახალისო და საინტერესო თამაშია, ძალიან მომწონს თითქმის ყველა შეჯიბრი, ვთვლი, რომ შეჯიბრში თამაშების რაოდენობა კიდევ უფრო უნდა გაიზარდოს – ოთხი თამაში ძალიან ცოტაა. სკოლაში გარკვეული ინვანტარი გვაქვს, მაგრამ რაღაცები მაინც გვაკლია, რომ სრულყოფილად ვივარჯიშოთ“, – ამბობს ზვარის სკოლის გუნდის წევრი ლუიზა ჩიტაძე.

ხევის საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელს სოსო ხაჩიძეს მიაჩნია, რომ მუნიციპალიტეტში ყველა სკოლას უნდა ჰქონდეს ის ინვენტარი, რაც შეჯიბრებაში გამოიყენება, რომ შეჯიბრი უფრო სამართლიანი იყოს.

„ზონალურ შეჯიბრში გამარჯვების შემდეგ სულ მეკითხებოდნენ, როდის ჩატარდებოდა ფინალი. გაკვეთილების შემდეგ სკოლაში ვრჩებოდით და ვემზადებოდით. ინვენტარი, რომელიც ამ შეჯიბრისთვისაა საჭირო, სკოლას არ აქვს, ზონალური შეხვედრის შემდეგ ზოგიერთი შეჯიბრის ხელსაწყო ჩემით გავაკეთე.  კეგლის ნაცვლად ბოთლები გამოვიყენე, რეზინის მილებისგან  გავაკეთე რგოლები. ტომრებიც გვაქვს და ამ ნივთებით ვავარჯიშებდი ბავშვებს. შედეგით კმაყოფილი ვარ. გამარჯვებაში დარწმუნებული ვიყავით,“ – ამბობს სოსო ხაჩიძე.

ხევის სკოლის გუნდის წევრი თეკლა გრიგალაშვილისთთვის ეს ტურნირი ძალიან საინტერესო და სახალისოა, განსაკუთრებით „ბაბაჯანებით“ თამაში მოსწონს.

„მომეწონა „მხიარული კალათბურთი“, ძალიან იოლი იყო და ალღო ადვილად ავუღე. ბაგირის გადაწევა ჩემთვის ძალიან რთული აღმოჩნდა, თუმცა ზონალურ შეჯიბრებაში თავი გამოვიჩინეთ. კარგი იქნება, ასეთი შეჯიბრებები ხშირად თუ ჩატარდება და მრავალფეროვანი გახდება,“ – ამბობს ბორის სკოლის გუნდის წევრი ნინი წიწილაშვილი.

ბორის სკოლის სპორტის მასწავლებელს დიმიტრი მაჭავარიანს მიაჩნია, რომ ეს პროექტი ყველაზე კარგად პასუხობს ახალგაზრდების მოთხოვნებს. მისი აზრით, შეჯიბრში ჩართული მოსწავლეები მაქსიმალურად იხარჯებიან და ხალისობენ.

„მხიარულ სტარტებს“ თითქმის ყოველწლიურად 2013 წლიდან ვატარებთ, – ამბობს მერიის კულტურის სამსახურის სპეციალისტი კულტურის საკითხებში ხათუნა ტაბატაძე, – შეჯიბრს თან ახლავს დაძაბულობა. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, მაქსიმალურად გამჭვირვალედ და წესების დაცვით ჩავატაროთ. მონაწილეებს მინდა ვუთხრა, რომ შეჯიბრს მხიარულად და ხალისიანად მიუდგნენ. გამარჯვებისთვის მთავარი შრომა და დაკვირვებაა“.

ფინალისტი გუნდები ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა, მაჟორიტარი დეპუტატის ბიურომ და კულტურის სამსახურმა დააჯილდოვა. გამარჯვებულ გუნდს თასი გადაეცა.

ფოტოზე: ხევის საჯარო სკოლის გუნდი