საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, დღეს, 26 მაისს, ხარაგაულის კინოთეატრში კონცერტი გაიმართა.

სცენაზე ერთმანეთს ცვლიდნენ – „კულტურისა და ხელოვნების“ ცენტრთან არსებული ვაჟთა ვოკალური და ფოლკლორული ანსამბლები – „ხარაგაულის ხმები“ (ხელმძღვანელი მადონა გაფრინდაშვილი) და „უბისი“ (ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე);
ფოლკლორული ანსამბლი „ოდილა“ (ხელძღვანელი რეზო შარიქაძე);
სალოტბარო სკოლის ანსამბლი (ლოტბარი მაია მაღრაძე);
მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლთან არსებული მუსიკალური სტუდიის მოსწავლეები (მასწავლებელი დარეჯან გვაძაბია);
გიტარის წრის მოსწავლეები (მასწავლებელი გიორგი მეიფარიანი);
ქორეოგრაფიული ანსამბლები „უბისი“ (ქორეოგრაფები ელისო და ზაზა ლურსმანაშვილები) და „მთიები“ (ქორეოგრაფი რომან ბუაჩიძე).

კონცერტის შემდეგ ჩხერის ციხეზე  ჯვარი ეკურთხა და საქართველოს დროშა აღიმართა. ამ ციხეზე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის არაერთი ბრძოლა გაუმართავთ ქართველ მეფეებს – სოლომონ პირველს, სოლომონ მეორესა და ერეკლე მეორეს.

ჯვარი მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) ეპარქიის სამღვდელო პირებთან ერთად აკურთხა და შეკრებილ საზოგადოებას დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.

„ადამიანს უფალმა თავისუფალი ნება უბოძა, – აღნიშნა მეუფე მელქისედეკმა, – თავისუფლებას ალტერნატივა არ აქვს. დღევანდელი დღე არის შედეგი ჩვენი წინაპრების ბრძოლისა ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის, ერის გადარჩენისთვის და იდენტობის შენარჩუნებისთვის.

ხარაგაულისა და ხარაგაულელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ჩხერის ციხე გამორჩეულია თავისი ისტორიითა და სიდიადით. დღეს პატივი მივაგეთ ჩვენს წინაპრებს, თავისუფლებისთვის მებრძოლ გმირებს.

მადლობა ყველას, ვინც ჩვენი ქვეყნის გადარჩენისთვის ბრძოლაში მონაწილეობდა, ვინც ბოლო 30 წლის განმავლობაში იღწვოდა ჩვენი ერის დამოუკიდებლობისთვის. უღრმესი მადლობა მათ, ვინც ჩხერის ციხეზე ჯვრის აღმართვა ითავა.

ყოველთვის ამაყად ეფრიალოს ჩხერის ციხეზე აღმართულ ხუთჯვრიან დროშას საქართველოს დამოუკიდებლობის დასტურად“.

ჩხერის ციხეზე ჯვრისა და დროშის აღმართვის ინიციატივა საღანძილის თემის მაჟორიტარ დეპუტატს დავით კიკნაძეს ეკუთვნის. ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის თქმით, ჩხერის ციხის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა იგეგმება.

დღესვე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბორითში, მერაბ კოსტავას დაღუპვის ადგილზე აღმართული მემორიალი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გვირგვინებით შეამკეს. საქართველოს დამოუკიდებლობისთვის მებრძოლ მერაბ კოსტავას დღეს 83 წელი შეუსრულდებოდა.

მეხუთე წელია, სოფელ ვახანში დამოუკიდებლობის დღე ლაშა ღონღაძის ინიციატივითა და ვახანელი ახალგაზრდების მხარდაჭერით დოღით აღინიშნება. დღეს გამართულ დოღზე 3200 მეტრიან დისტანციაზე ერთმანეთს 23 ცხენოსანი ეჯიბრებოდა.

დოღში პირველი ადგილი ამირან ცუცქირიძემ დაიკავა, ცხენის მეპატრონე დათო ფერაძე;
მეორე ადგილზე გავიდა ვეფხვია გოგნაძე, ცხენის მეპატრონე, გიორგი შათირიშვილი;
მესამე ადგილი მოიპოვა ლუკა კვირიკაშვილმა, ცხენის მეპატრონე ლაშა გოგოლაძე.