ხარაგაულის მუნიციპალიტეტის უბისის საჯარო სკოლაში უკრაინელი მოსწავლე ვლადიმირ კოსტენკო ისწავლის. მეოთხე კლასში მასთან ერთად ხუთი მოსწავლე სწავლობს.

ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, მარინე ვეფხვაძის, ინფორმაციით, ვლადიმირის ბებია უბისაში ცოტა ხნის წინ, უკრაინაში ომის დაწყებამდე, ჩამოვიდა.

„უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ მასთან შვილი და შვილიშვილი ჩამოვიდნენ. ვლადიმირის მამა უკრაინაში იბრძვის. ვლადიმირმა მხოლოდ უკრაინული ენა იცის. თუმცა მასწავლებლები და მოსწავლეები ცდილობენ, მას ახალ სკოლაში სწავლა გაუადვილონ. გუშინ 23 მარტს ვლადიმირი 10 წლის გახდა,  მისი დაბადების დღე სკოლაში აღნიშნეს”, – ამბობს მარინე ვეფხვაძე.

საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, სკოლის მოსწავლეები, რომლებიც უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ აგრძელებენ ზოგადი განათლების მიღებას უკრაინის სკოლებში და გამოხატავენ სურვილს, სწავლა გააგრძელონ საქართველოში, სკოლებში გამარტივებული წესით ჩაირიცხებიან. საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებმა განცხადებით უნდა მიმართონ სასურველ სკოლას.

ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, თბილისსა და რეგიონებში, სკოლებში ჩარიცხვის სურვილი სხვადასხვა ასაკის 110 მოსწავლის მშობელმა გამოთქვა, მათგან 58 უკვე ჩარიცხულია, 52 კი უმოკლეს ვადაში ჩაირიცხება.