17 იანვარს სასწავლო პროცესის სკოლის შენობებში განსაახლებლად საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლა სრულ მზადყოფნაშია.

ამ ინფორმაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს.

მშობლებს კვლავ აქვთ შესაძლებლობა, რომ აირჩიონ დისტანციური სწავლების ფორმა; ხოლო რისკჯგუფის მასწავლებლებს, სურვილის შემთხვევაში შეეძლებათ, გაკვეთილები დისტანციურად ჩაატარონ.

მოსწავლეთა, მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა უსაფრთხოებისთვის და ნებისმიერი სხვა რისკის თავიდან ასაცილებლად სკოლებში დაცული იქნება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები. კოვიდვირუსის გამოვლენის შემთხვევაში წერტილოვანი შეზღუდვები გაგრძელდება.

დასწრებული სწავლების შემთხვევაში, მოსწავლეები I-XII კლასების ჩათვლით, ვალდებული იქნებიან ატარონ პირბადე, სახელმწიფო კი კვლავ უზრუნველყოფს მასწავლებელთა სავალდებულო ტესტირებას. ამ ეტაპზე ვაქცინირებულია პედაგოგთა და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 73%.

ქვეყნის მასშტაბით სამინისტროს მხრიდან ჰიგიენური საშუალებებით აღჭურვილია საჯარო სკოლები წლის ბოლომდე სამყოფი მარაგით, – სადეზინფექციო ხსნარებით, პირბადეებით, თერმოსკრინინგის აპარატებითა და დეზობარიერებით.

ტრანსპორტით კვლავ უზრუნველყოფილი იქნებიან მოსწავლეები თბილისსა და რეგიონებში.

მოსწავლეებისთვის კვლავ იფუნქციონირებს „ტელესკოლის“ პროექტი.

უსაფრთხოებიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესის ორგანიზებისა და სკოლაში არსებული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების შესახებ სკოლის ადმინისტრაცია მშობლების ინფორმირებას ინტენსიურად მოახდენს. სამინისტროს მხრიდან სკოლებში მონიტორინგი კვლავ სისტემატურად განხორციელდება.

ხარაგაულის საგანმანათლერბლო რესურსცენტრისგან მოპოვებული ინფორმაციით, 17 იანვარს სწავლა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ყველა საჯარო სკოლაში განახლდება, გარდა ერთისა.