საქართველოში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული 16-დღიანი კამპანია მიმდინარეობს.

მასში ხარაგაულის მუნიციპალიტეტიც ჩაერთო. პანდემიიდან გამომდინარე, ხარაგაულში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, კამპანია მოკრძალებულად ჩაივლის.

„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ფეისბუქგვერდზე საინფორმაციო ხასიათის ბანერები, ვიდეორგოლები და სხვადასხვა სოციალური პროგრამების შესახებ ინფორმაცია განვათავსეთ, – ამბობს ხარაგაულში გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანი ინგა ბერაძე, – ეს საინფორმაციო კამპანია 10 დეკემბრამდე გაგრძელდება.

გვსურს მაკა კუკულავას პიესის მიხედვით ხარაგაულის სახალხო თეატრის მიერ დადგმული სპექტალის „ორნი“ ჩვენება და შემდეგ – მსჯელობისა და დებატების გამართვა.

რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, არ ვიცით, მაყურებელი რამდენად მოვა. თან გასათვალისწინებელია ისიც, რომ დახურულ სივრცეში კოვიდპასპორტის გარეშე შეკრება არ შეიძლება. სამწუხაროდ, წინასწარ იმის თქმა, რომ ეს სპექტაკლი შედგება, მიჭირს.

ამჟამად ადგილობრივი თვითმმართველობის სტრუქტურები და მათ შორის გენდერული თანასწორობის რაიონული საბჭოც, განახლების რეჟიმშია. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვან და მრავალფეროვან ღონისძიებებს ვერ ვგეგმავთ. ძირითადად, ამ სოციალურ კამპანიას ჩავეჭიდებით“, – ამბობს ინგა ბერაძე.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანია საქართველოში 1991 წლიდან აღინიშნება. ეს კამპანია 25 ნოემბერს – ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს იწყება და 10 დეკემბერს – ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს მთავრდება.

კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ქალთა მიმართ ძალადობის თვალსაზრისით ქვეყანაში არსებულ გამოწვევებსა და პრობლემებზე.