ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ბოლო 4 დღის განმავლობაში ტესტირების საჭიროების მქონე მოქალაქეთა მიმართვიანობა იმდენად გაიზარდა, რომ ამ ცენტრის წარმომადგენლებს ჩვენთვის ყოველდღიური სტატისტიკური ინფორმაციის მოწოდების შესაძლებლობა, ამ დრომდე, შეეზღუდათ.

ბოლო 4 დღის განმავლობაში ხარაგაულში კორონავირუსის 217 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 73 შემთხვევა მხოლოდ გუშინ, პირველ ნოემბერს, დაფიქსირდა.

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლის, ირინე გელაშვილის ინფორმაციით, გუშინ გაკეთებული PCR ტესტების ნიმუშების ნაწილი ჯერ კიდევ ლაბორატორიაშია და პასუხებს დღის ბოლოს ელოდებიან. ამიტომ, შესაძლოა, ეს ციფრი კიდევ გაიზარდოს.

„ადამიანები აღარ უფრთხილდებიან არც საკუთარ და არც სხვის სიცოცხლეს, – ამბობს ირინე გელაშვილი, – ხშირია შემთხვევები, როცა ტესტის გასაკეთებლად მოდიან არა სიმპტომების გამოვლენის, არამედ ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ.

ინფიცირებულები თავისუფლად მოძრაობენ ქუჩებში და დაავადების გადამტანები არიან. უნდა ვივარაუდოთ, რომ ხარაგაულში კორონავირუსი სამჯერ მეტ ადამიანს აქვს, ვიდრე ეს ოფიციალურადაა დადასტურებული“.

პირველად დაფიქსირებიდან დღემდე ხარაგაულში კორონავირუსის 2 172 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 1 683 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 30 ადამიანი გარდაიცვალა.

ამჟამად ხარაგაულში 459 ინფიცირებულია, მათგან 32 საავადმყოფოშია გადაყვანილი.

გუშინ, პირველ ნოემბერს, კორონავირუსზე გეგმიური ტესტირება ჩაუტარდათ ხარაგაულისა და ბორითის კლინიკის პერსონალს. ჯერჯერობით, შემოწმებული ნიმუშებიდან, კორონავირუსი არც ერთ მათგანს არ დადასტურებია.

ოქტომბერში ხარაგაულში კორონავირუსის 761 შემთხვევა გამოვლინდა, რაც სექტემბრის მონაცემებს 535-ით აღემატება. სექტემბერში ხარაგაულში COVID-19-ის 226 შემთხვევა აღირიცხა.