პანდემიის პირობებში, თითქმის ორი წელია, სკოლამდელი ასაკის ბავშვები მოწყვეტილები არიან იმ სიკეთეს, რასაც მათ საბავშვო ბაღი აძლევთ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ 21 საბავშვო ბაღში და მარელისის სასკოლო მზაობის ჯგუფში 6 ოქტომბერს აღსაზრდელები მიიღეს.

რა ვითარებაა ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებებში, ამის შესახებ ამ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორს, მამუკა ჭიპაშვილს, ვესაუბრეთ.

– ბატონო მამუკა, როგორ შეხვდა ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება ახალ სასწავლო წელს? რამდენად მოწესრიგებულია ინფრასტრუქტურა?

– მთელი წლის განმავლობაში საბავშვო ბაღები თითქმის უფუნქციოდ იყო. აქედან გამომდინარე, გარკვეულმა პრობლემებმა იჩინა თავი. მათი ნაწილი უკვე აღმოფხვრილია, ნაწილს კი სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას მოვაგვარებთ.

საბავშვო ბაღების წარმომადგენლებთან მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს და მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაციას ვიღებთ.

ვერ ვიტყვით, რომ ყველა საბავშვო ბაღში ყველაფერი კარგადაა. თუმცა, ჩვენ მაქსიმალურს ვაკეთებთ, რომ სასწავლო პროცესი მშვიდ გარემოში წარიმართოს.

სველი წერტილების აბსოლუტური უმრავლესობა მოწესრიგებულია. ყველა საბავშვო ბაღი შეშით მომარაგებულია.

სურსათის უვნებლობის სამსახური ყოველწლიურად გვამოწმებს. იქ, სადაც დასაშვებზე ცუდი მდგომარეობაა, გონივრულ ვადას გვაძლევენ და პრობლემების მოგვარებას ვცდილობთ.

– ხარაგაულის საბავშვო ბაღები ოთახისა და ეზოს სათამაშოებით, საბავშვო ლიტერატურით, სამზარეულოს ინვენტარითა და რბილი ავეჯით რამდენად უზრუნველყოფილი არიან?

– ინტენსიურად მიმდინარეობს განახლების პროცესი. სამზარეულოს ინვენტარით ყველა საბავშვო ბაღი დაკმაყოფილებულია. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სათამაშოებს მუდმივად ვანახლებთ, თუმცა ეს საკმარისი არ არის.

შარშან 3 500 ლარი ღირებულების სათამაშოები შემოვიტანეთ და საბავშვო ბაღებს გადავუნაწილეთ. ეს ძალიან ცოტა იყო.

იმდენი თანხა არ გვაქვს, რომ ყველა ბაღის აღსაზრდელებისთვის საკმარისი სათამაშოები შევიძინოთ. ხარისხიანი სათამაშო საკმაოდ ძვირადღირებულია. ახლო მომავალში ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღისთვის ვაპირებთ სათამაშოების შემოტანას.

სოფლის ერთჯგუფიან ბაღებში, ასე თუ ისე, სათამაშოები შემორჩენილია.

საბავშვო ლიტერატურას რაც შეეხება, ყველგან საკმარისადაა. 2022 წლის დასაწყისში ტენდერს გამოვაცხადებთ და რომელ საბავშვო ბაღსაც რა საჭიროება ექნება, შეძლებისდაგვარად შევუძენთ. ჩვენი ბიუჯეტი გვაძლევს იმის საშუალებას, რომ სერიოზული ჩავარდნა არ გვქონდეს.

– საბავშვო ბაღის თანამშრომელთა რამდენი პროცენტია აცრილი?

– 220-მდე თანამშრომელი გვყავს. მათგან 37 % აცრილია. სასწავლო პროცესი რომ განახლდება, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მეტმა თანამშრომელმა აიცრას.

– რამდენად იქნება კოვიდრეგულაციები დაცული? მშობელს რამდენად აქვთ გარანტია იმისა, რომ მისი შვილი უსაფრთხო გარემოში იქნება?

– ყოველდღიურად ჩავატარებთ ოთახების დეზინფექციას. ვირუსი რომ არ გავრცელდეს, ყველა რეგულაციას დავიცავთ. თუმცა, მთავარი მაინც ვაქცინაციის პროცესის გააქტიურებაა.

– პანდემიამდე, როდესაც მშობელს ბავშვი სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში მჰყავდა, ორი კვირის განმავლობაში მასთან ყოფნა შეეძლო. ამის კომპენსირება ახლა როგორ მოხდება?

– რეგულაციებიდან გამომდინარე, მშობლის საბავშვო ბაღში შემოსვლა რეკომენდებული არ არის. ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღში, ეზოებსა და ჯგუფებში სათვალთვალო კამერები დავამონტაჟეთ და ეკრანი დავაყენეთ.

მშობლებს საშუალება ექნება, ეზოდან დააკვირდნენ, თუ რას აკეთებს მათი შვილი, როგორ მუშაობს აღმზრდელი და ზოგადად, როგორ მიმდინარეობს სააღმზრდელო პროცესი.

დიდი ალბათობით, ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება და მრავალრიცხოვან საბავშვო ბაღებში მაინც განხორციელდება. ძირითადად, ჯგუფში ორი-სამი ბავშვი ჭირვეულობს ხოლმე. ასეთ შემთხვევაში დამატებით რეკომენდაციებს მივიღებთ.

მშობლებს ჯგუფში ვერ დავუშვებთ. ამის გამონაკლისი არ იქნება.

– რა სიახლეებით ხვდებით ახალ სასწავლო წელს?

– მარელისის სასკოლო მზაობის ჯგუფი ერთ ოთახში ფუნქციონირებდა. ეზო შემოღობილი არ იყო. ჯგუფს მხოლოდ ერთი აღმზრდელი ჰყავდა. ინვენტარი საკმაოდ მოძველებული იყო და წყლის პრობლემაც არსებობდა.

აქედან გამომდინარე, ეს ბავშვები მარელისის დაწყებითი სკოლის შენობაში გადავიყვანეთ. მათ აქ ერთი ოთახი დაეთმობათ. ისინი ყველანაირად უზრუნველყოფილი იქნებიან. დავამატეთ კიდევ ერთი შტატი. სამომავლოდ,  ახალი საბავშვო ბაღის ასაშენებლად ვიზრუნებთ.

– ხევის საბავშვო ბაღის შენობა ავტობანის მშენებლობის არეალშია. ხევის საბავშვო ბაღში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი როგორ განახლდა?

– ავტობანის მშენებლობის გამო, ხევში ახალი საბავშვო ბაღი უნდა აშენდეს. ტერიტორია გამოყოფილია, პროექტი მომზადებულია. მშენებლობა უახლოეს მომავალში დაიწყება. სასწავლო პროცესის განსაახლებლად ვიქირავეთ კერძო ორსართულიან სახლი, რომელსაც ადაპტირება დასჭირდა.

– ბორითის საბავშვო ბაღთან ახლოს ავტობანი გადის. უსაფრთხოების თვალსაზრისით რა ღონისძიებები გაატარეთ?

– ავტობანის მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს შევუთანხმდით და სპეციალური დამცავი ღობე გაკეთდება. თუმცა, აღსაზრდელები ბაღის ეზოთი ვეღარ ისარგებლებენ.

მიმდებარედ განთავსებული ბორითის სკოლის ადმინისტრაცია თანახმაა, რომ ბაღისთვის სკოლის ეზოს სამმეტრიანი ზოლი გამოვიყენოთ. ამ ტერიტორიას გადავტიხრავთ. ამგვარად, საბავშვო ბაღის ეზო უსაფრთხო გახდება.

– ახალი სასწავლო წლისთვის რას უსურვებთ აღსაზრდელებს, მათ მშობლებსა და აღმზრდელებს?

– ყველას ჯანმრთელობას, მშვიდობას, წინსვლასა და წარმატებას ვუსურვებ. მთავარია, პანდემია დავამარცხოთ და ბავშვებმა სრულფასოვანი განათლება მიიღონ.

ლიკა ხიჯაკაძე