ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხში სასწავლო პროცესი ახალაშენებულ სკოლაში დაიწყო.

სკოლის დირექტორმა, თამარ წიწილაშვილმა მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. პირველკლასელებს კომპიუტერები, ხოლო კურსდამთავრებულებს ოქროს მედლები გადასცეს.

„კიცხის სკოლისთვის ეს ისტორიული მომენტია, – ამბობს თამარ წიწილაშვილი, – იმედია, მიგრაცია შეჩერდება და კონტინგენტს მოვიზიდავთ. გარდა ამისა, ახალი, თანამედროვე სტანდარტების სკოლა კიდევ ბევრ ფაქტორზე მოახდენს დადებით გავლენას.

სასწავლო პროცესის საკლასო ოთახებში განახლებას მთელ საქართველოს ვულოცავ. ყველას ჯანმრთელობას, მშვიდობასა და წარმატებულ სასწავლო წელს ვუსურვებ“.

პირველი დღე განსაკუთრებით ემოციური პირველკლასელებისთვის იყო. მათ ძალიან მოეწონათ ახალი სკოლა და მათი პირველი მასწავლებელი. წელს კიცხის საჯარო სკოლაში 15 პირველკლასელი მივიდა.

„სკოლაში მოსვლა მიხარია. ჩემი კლასელების ნაწილს ბაღიდან ვიცნობდი, ნაწილი ახლა გავიცანი. სკოლა ძალიან ლამაზია,“ – ამბობს პირველკლასელი ელენე გიორგაძე.

„სკოლაში კარგად უნდა ვისწავლო, რომ შემდეგ პოლიციელი გამოვიდე. დამნაშავეები უნდა დავიჭირო. სკოლაში ყველაფერი მომეწონა“, – აღნიშნავს ჟანა ხეცაძე.

„მიხარია, ახალი წიგნები და კომპიუტერი რომ მაქვს. ჩემი მასწავლებელი და კლასელები ძალიან კარგები არიან“, – ამბობს საბა ზვიადაძე.

პირველი კლასის დამრიგებელი ცირა ბერაძე დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე საუბრობს. ის მადლობას უხდის ყველას, ვისაც ახალი სკოლის აშენებაში წვლილი მიუძღვის.

„დღევანდელი დღე ჩემთვის და ჩემი პირველკლასელებისთვის განსაკუთრებული და ამაღელვებელია. მიხარია, რომ მე ვარ მათი მასწავლებელი. ბედნიერ და წარმატებულ სასწავლო წელს ვუსურვებ ჩემს სკოლასა და სრულიად საქართველოს.

წელს 15 პირველკლასელი გვყავს და იმედია, ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება“, – ამბობს ცირა ბერაძე.

ფიქრია ბერაძე ოთხი შვილის დედაა. მან დღეს მეოთხე შვილი შემოიყვანა კიცხის საჯარო სკოლაში.

„ძალიან კარგი გარემოა აქ. სკოლა მოგვეწონა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო დირექციასა და  მასწავლებლებს იმისათვის, რომ ონლაინსწავლების დროს ჩვენს შვილებს მხარში ედგნენ“, – აღნიშნავს ფიქრია ბერაძე.

თამარ წერეთელიც პირველკლასელის მშობელია. ამავე დროს ის კიცხის საჯარო სკოლის პედაგოგია.

„ბავშვების სოციალიზაციისთვის საკლასო ოთახებში დაბრუნება მნიშვნელოვანია, რადგან აქ მათ მეტი მოტივაცია ეძლევათ, – ამბობს თამარ წერეთელი, – სკოლაში ბავშვები მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან თავიანთ საქმეს და გულისყურით ისწავლიან.

ყველას ჯანმრთელობას, წინსვლასა და წარმატებებს ვუსურვებ“.

ლიკა ხიჯაკაძე

ავტორის ფოტორეპორტაჟი კიცხის სკოლიდან იხილეთ ლინკზე