#48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიამ გადასატანი ყუთის სიები დაამტკიცა.

#48 ხარაგაულის საარჩევნო ოლქში სულ რეგისტრირებულია 19 315 ამომრჩეველი, გადასატანი ყუთით სარგებლობის სურვილი გამოთქვა 1081-მა ამომრჩეველმა, რაც ამომრჩეველთა 5.6%.

გადასატანი ყუთით სარგებლობს ის ამომრჩეველი, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლია კენჭისყრის შენობაში მისვლა.

საარჩევნო კოდექსის 33 მუხლის მე-4 პუნქტით, საარჩევნო უბანზე გადასატანი ყუთით მოსარგებლე ამომრჩეველთა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საარჩევნო უბანზე ამომრჩეველთა ერთიან სიაში არსებული ამომრჩევლების 3%-ს.

აღნიშნული რაოდენობის შევსების შემდეგ ამომრჩეველთა გადასატანი ყუთის სიაში შეყვანის მიზანშეწონილობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისია სხდომაზე დამსწრეთა ორი მესამედით.

ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომას 16 წევრი ესწრებოდა. 15 მათგანმა ამომრჩეველთა გადასატი ყუთის სიაში შეყვანას მხარი დაუჭირა, ხოლო ერთმა წევრმა პარტიის „მესამე ძალა“ წარმომადგენელმა, ქეთევან გიორგაძემ, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

„ამ საკითხის გასარკვევად უბნები შემოვიარეთ კომისიის წევრებმა და ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ რაიმე შეუსაბამობაა მონაცემებში, – ამბობს ქეთევან გიორგაძე, – სოფლები დაბერებულია.

ყველა შემოსულ განაცხადს აქვს ადამიანური საფუძველი, ყველას ესაჭიროება, რომ საარჩევნო ყუთი სახლში მივუტანოთ, მაგრამ ჩვენ ამით კანონს ვარღვევთ, კანონში 3% – ია,  ჩვენ გვაქვს 5.6%.

ხომ შეიძლება, რომ საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდეს და ეს 3%-იანი ზღვარი გაიზარდოს“.

თამთა გოგოლაძე