სამწუხაროდ, მსოფლიოში ერთ-ერთი დაბალი მაჩვენებელი გვაქვს ჩატარებული ვაქცინაციის მხრივ (მოსახლეობის 3.8%, მოზრდილი მოსახლეობის 5%) და, ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი – „ვაქცინაცია შეიძლება თუ არა“, ამის დასადგენად (!) ჩატარებული უამრავი ლაბორატორიული გამოკვლევის, რომელთა უმრავლესობა არავითარ შედეგს არ იძლევა, გარდა იმისა, რომ ადამიანებში ვაქცინის გაკეთების ყოყმანს აძლიერებს და პანდემიის დამარცხებას ამუხრუჭებს, – წერს სოციალურ ქსელში ზვიად კირტავა, პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი.
სამწუხარო რეალობაა, რომ ჩვენი საზოგადოება ჯერ კიდევ ნათლად ვერ ხედავს კოვიდ-19-ის საფრთხეს (მიუხედავად მსოფლიოში გარდაცვლილი 4 მილიონზე მეტი და საქართველოში გარდაცვლილი 5700-ზე მეტი ადამიანისა), სწორად ვერ აფასებს ამ საფრთხის შესამცირებლად (ინფიცირებით გამოწვეული ჰოსპიტალიზაციის და გარდაცვალების რისკის რეალურად შესამცირებლად) ვაქცინაციის მაღალ სარგებელს და იმის მაგიერ, რომ კოვიდ-ს ვებრძოლოთ, ვაქცინაციის საფრთხის ჰიპერბოლიზებულ ქარის წისქვილებს ვებრძვით!
დაახლოებით ისე მოგვდის, უმძიმესი ხანძრის დროს ადამიანებმა წყლის გამოყენებაზე რომ თავი შეიკავონ, ემანდ შენობა წყალმა უფრო არ დააზიანოსო…
მსოფლიოს 200 ქვეყანა – ყველა უკლებლივ – ან უკვე ეფექტურად ატარებს ვაქცინაციას, ან ძალიან ცდილობს ტემპს მოუმატოს და დაგვიანებით შექმნილი ნაპრალი აღმოფხვრას.
გასაგებია, რომ დელტა შტამმა სერიოზული პრობლემა შექმნა სწრაფი გავრცელების მხრივ; გასაგებია, რომ იქ, სადაც მოსახლოების დიდი უმრავლესობა უკვე ვაქცინირებულია, მათ შორისაც შეიძლება მოხდეს ინფიცირების შემთხვევები; თუმცა, რადგან ვაქცინაცია სიკვდილობას მნიშვნელოვნად, ამცირებს, არსად ფიქრობენ დელტას გამო ვაქცინაციაზე უარის თქმას.
პირიქით, თუ ადრე მოსახლეობის 60%-ის აცრას გეგმავდნენ, ახლა 70%, 75% ან 80%-მდეც კი გაზარდეს სამიზნე. თუ ადრე 18 წლიდან იწყებდნენ, ახლა 16, ან 12 წლიდან იწყებენ; თუ ადრე ნებაყოფლობითი იყო, ახლა ბევრგან მედპერსონალის, პედაგოგების, პოლიციელებისა და ზოგიერთი სხვა პროფესიის აცრა სავალდებულო გახდა, ისევე როგორც – სხვადასხვა ღონისძიებებზე თუ ტრანსპორტში დასაშვებად ვაქცინირების სერტიფიკატები…
ცუდი ისაა, რომ სხვა ქვეყნებში ვაქცინაციაზე თავშეკავების ტენდენციები, ძირითადად, დღემდე აუცრელ 20-30%-ში ვლინდება, ხოლო ჩვენთან მაშინ, როცა მხოლოდ 10% გვყავს აცრილი… და ამის ფონზე საზოგადოების ვაი-კამიკაძე ნაწილს არაფრით ეთმობა მასობრივი (რა 50? – 100-200-500 და მეტკაციანი) ქორწილები და ქელეხები, დაბადების დღეები და „სვეცკი“ სუფრები. თან, ნამდვილი კამიკაძეებისაგან განსხვავებით, აქ რისკი მხოლოდ მათთვის არ იზრდება, არამედ – მთელი საზოგადოებისთვისაც…
და ამ ფონზე ჯარიმების ამნისტია, როცა დახურულ სივრცეებში ადამიანები აღარც პირბადეს ატარებენ და აღარც დისტანცირებას იცავენ, ზედმეტი ფუფუნება მგონია… იმათ დაფასებად – ვისაც საზოგადო წესების დაცვა არ უნდოდა, იმათ ხარჯზე, ვინც საკუთარ და სხვების ჯანმრთელობის დასაცავად წესებს ემორჩილებოდა…
კანონმორჩილების აღზრდა სამომავლო კანონდარღვევის პრევენციაა… კარგია, როცა ადამიანები ჯარიმის გარეშეც, პასუხისმგებლობის გრძნობით აღსავსენი, თავად იცავენ რეგულაციებს, მაგრამ თუ ასეთ ადამიანთა რაოდენობა ჩვენს საზოგადოებაში 10%-20%-ზე მეტი არაა (განსხვავებით სკანდინავიური 50%-70%-საგან), მაშინ ნაადრევი ხომ არაა ასეთი არადიფერენცირებული ამნისტია?..
არადა, ასეთი დაბალი ვაქცინაციის ფონზე კიდევ დიდხანს აუცილებელი იქნება პირბადის ტარებაც და დისტანცირებაც… ეს ხომ აშკარაა, რომ სანამ მინიმუმ 30-40%-იანი მოცვა არ იქნება, მარტო საკუთარი იმუნიზაცია ვერ იქნება საზოგადოებრივი დაცვის გარანტია…
ნიჰილისტი არ ვარ… წარმატებები გვაქვს! უმძიმეს მეორე ტალღას გავუძელით! ბოლო დღეებში იგრძნობა, რომ ადამიანების დიდი ნაწილი სულ უფრო აქტიურად ცდილობს ვაქცინაციას, არის პოზიტიური ძვრები – ვაქცინების მოწოდება უფრო რეგულარული გახდა, გვაქვს 1 მილიონზე მეტი რეზერვი, რომელიც მალე 2 მილიონამდე გაიზრდება.
დღეს უკვე 14,000-ს გადასცდა დღიური ვაქცინაციის რაოდენობამ, ვაქცინაციის ბრიგადები – მრავალრიცხვოვანია და უკეთ ორგანიზებული. როგორც იქნა, დაიწყო ვაქცინაცია სამედიცინო დაწესებულებების გარეთაც, სავაჭრო მოლებში, მათ შორის აჭარაშიც, სულ უფრო მეტი ორგანიზაციები – მაგალითად, საგარეო საქმეთა სამინისტრო, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, აქტიურად ცდილობენ ყოველი თანამშრომლის აცრას და მწვანე სტატუსის მიღებას.
ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული აცრილი ადამიანის გამოცდილების გაზიარება – ადამიანები, რომელთაც სიმსივნე, გულ-სისხლძარღვთა სისტემის თუ მძიმე ნევროლოგიური დაავადებები, ბრონქული ასთმა თუ შაქრიანი დიაბეტი აქვთ, ჩვილი ბავშვების დედები, მოხუცებულები სოციალურ ქსელებში გვიზიარებენ თავიანთ ისტორიებს და სხვებსაც უღვიძებენ ვაქცინაციით საკუთარი თავის და ახლობლების დაცვის სურვილს… სამწუხაროა, რომ ამის საპირისპიროდ ისეთებიც გვხვდება, რომლებიც ცდილობენ, ეს ოპტიმიზმი დათრგუნონ ან ყალბი ინფორმაციები გაავრცელონ…
ეს ფოტო 1957 წელს არის გადაღებული – კანზასის პატარა ქალაქში, რომელსაც საოცარი დამთხვევით Protection ჰქვია. პოლიომიელიტის ეროვნული დაცვის პროგრამის ფარგლებში, როდესაც 40 წელს ქვემოთ მთელი მოსახლეობა, სადღესასწაულოდ გამოწყობილები, ბავშვებთან ერთად მივიდნენ ადგილობრივი სპორტულ დარბაზში, რათა საკუთარი თავი და მომავალი თაობა ვაქცინაციით გადაერჩინათ ამ უმძიმესი დაავადებისაგან.
მაშინ მათ ეს შეძლეს.
ჩვენც უნდა შევძლოთ… დამოუკიდებლობის ფრონტი, ჩვენი გადარჩენისა და სუვერენიტეტის დაცვის ხაზი დღეს პანდემიის დამარცხებაზე გადის. ამ ახალი დიდგორის მოგება კი ამჟამად მხოლოდ ვაქცინაციით შეგვიძლია, ეგაა ახლა ჩვენი ჯაჭვის პერანგი და ხალიბაური…
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.