საქართველოში კორონავირუსის დელტა შტამის ცირკულირების მაჩვენებელი იზრდება. ამ ეტაპზე მისი მაჩვენებელი, დაახლოებით, 30-40%-ია.

დელტა შტამი განსაკუთრებული აგრესიულობით ბავშვებისა და ახალგაზრდების მიმართ გამოირჩევა. სწორედ ამიტომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე მშობლებს მოუწოდებს, აიცრან, რათა შვილებს საფრთხე არ შეუქმნან.

კორონავირუსის დელტა შტამი ბავშვებში ისე მიმდინარეობს, როგორც სხვა რესპირაციული დაავადებები. მხოლოდ მას ახასიათებს თავის და ყელის ძლიერი ტკივილი, ასევე სურდო.

საქართველოში მოქმედ ვაქცინებს ამა თუ იმ შტამის მიმართ სხვადასხვა პროცენტული დამცველობა აქვს. კვლევებით ჯერ დადგენილი არ არის, თუ კონკრეტულად რამდენი პროცენტით იცავს „სინოვაკისა“ და „სინოფარმის“ ვაქცინები ადამიანს კორონავირუსის დელტა შტამისგან.

ამასთან დაკავშირებით ამირან გამყრელიძე აღნიშნავს, რომ ეს ვაქცინები ინაქტივირებული ვირუსის მოდელზე არიან შექმნილები. მსგავს მოდელს ეფუძნება ინდური ვაქცინა. კვლევებმა დაადგინა, რომ ინდურ ვაქცინას დელტა შტამისგან 60%-იანი დამცველობა აქვს. შესაბამისად, ეს აჩენს ვარაუდს, რომ ჩინურ ვაქცინებსაც დაახლოებით მსგავსი დამცველობითი მაჩვენებელი უნდა ჰქონდეთ.

ჟურნალისტებთან გამართულ ონლაინშეხვედრაზე ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ის პასუხისმგებლობას გრძნობს 14 ივლისს ელექტრონული პორტალის გათიშვასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ „ადამიანებს „ფაიზერზე“ რეგისტრაცია გაუჭირდათ, რადგან დიდი მოთხოვნა იყო. იმ ფონზე, როდესაც დაახლოებით 12 ათასამდე ადგილი იყო თავისუფალი, 100 ათასამდე მოქალაქემ სცადა დარეგისტრირება. სწორედ ამან განაპირობა საიტის გაუმართაობა და არა კიბერშეტევამ“.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, მალე საქართველოში 16 და 17 წლის მოზარდების აცრა დაიწყება.

ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და მისი სავალდებულოება არ განიხილება. მოქალაქეებმა უნდა გამოიჩინოს მაღალი პასუხისმგებლობა და აიცრან. ამას არავითარი ვალდებულება არ სჭირდება.

ამირან გამყრელიძე ასევე აღნიშნავს იმასაც, რომ მასწავლებლებმა, ლექტორებმა, სტუდენტებმა, ბაღის აღმზრდელებმა და მშობლებმა ზაფხულის პერიოდი მაქსიმალურად უნდა გამოიყენონ, რათა სექტემბერში საქართველოში უსაფრთხო საგანმანათლებლო სისტემა იყოს. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ სწავლა არა დისტანციურად, არამედ – აუდიტორიებსა და საკლასო ოთახებში გაგრძელდეს.

საქართველოში შეზღუდვების მოხსნა ნაჩქარევი გადაწყვეტილება იყო, – აცხადებს ამირან გამყრელიძე და ამბობს, რომ ეს ნაბიჯი ეკონომიკის გამოცოცხლებისთვის გადაიდგა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული ყველა ვაქცინა ადამიანს კორონავირუსის გართულებებისგან და რაც მთავარია, სიკვდილიანობისგან იცავს. ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში 280-მდე ამცრელი კაბინეტი ფუნქციონირებს. შესაბამისად, დღეში 17 ათასი მოქალაქის აცრა არის შესაძლებელი.