ხარაგაულის სოფელ ვერტყვიჭალაში, ეთნოგრაფიულ რესტორანში „მარანი“, სამხატვრო პლენერი „გამა“ ჩატარდაა.

პროექტის ავტორი და ორგანიზატორია ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელი იზა ვეფხვაძე.

„წელს პლენერი განსხვავებულ ფორმატში გაიმართა, – ამბობს იზა ვეფხვაძე, – მასში არა მხოლოდ მხატვრები, არამედ ოპერის მომღერლებიც მონაწილეობდნენ.

წლევანდელ პლენერში 34 მხატვარი ჩაერთო, მათგან 23 ვერტყვიჭალაში ფიზიკურად იმყოფებოდა, ხოლო 11 დისტანციურად, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, გვერთვებოდა.

წელს პლენერი „გამა“ მეექვსედ გაიმართა. წინა წლებში შესრულებულ და ჩვენთვის საჩუქრად გადმოცემულ ნახატთა დიდ კოლექციას 23 ახალი ნამუშევარი დაემატა. მათზე ხარაგაულის ულამაზესი ხედებია გამოსახული.

მუსიკალურ ნაწილს ოპერის მომღერალი, ხარაგაულელი მამუკა ლომიძე ხელმძღვანელობდა. მასთან ერთად მონაწილეობდნენ მისი მეგობრები არმაზ დარაშვილი, თეა დემურიშვილი, ბაია გრიგოლია, ბადრი ადამია და კომპოზიტორი მაია ხორბალაძე, რომელიც საოპერო მომღერლების მიერ შესრულებულ რომანსებს მუსიკალურად აფორმებდა. თამარ ლურსმანაშვილმა ქართულ-ებრაული სიმღერა „იერუშალაიმ“ შეასრულა.

პლენერ „გამას“ ისრაელიდან ესწრებოდნენ მეცენატი და არქიტექტორი, ლიტერატურული თეატრის მეგობარი პაატა იოსებაშვილი და პოეტი იზოლდა მოშიაშვილი.

პლენერზე ოთხი სიმღერის პრემიერა გაიმართა: მამუკა ლომიძემ შეასრულა რომანსი „მე თქვენ მიყვარხართ“, ანა ჭუმბურიძემ – მაყვალა ხორბალაძის სიმღერა „ჭიამაია“, ხარაგაულის კულტურის ცენტრთან არსებულმა ანსამბლმა „ხარაგაულის ხმები“ (ხელმძღვანელი მადონა გაფრინდაშვილი) – რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ჰიმნი (კომპოზიტორი მაყვალა ხორბალელი), ებრაელმა მომღერალმა იუზა მოშიაშვილმა იზოლდა მოშიაშვილის ლექსზე შექმნილი ვაჟა აზარაშვილის სიმღერა შეასრულა.

იზა ვეფხვაძე მადლობას უხდის პარლამენტარ პაატა კვიჟინაძეს, ხარაგაულის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებს, ლენა აბაშიძეს, მამა პეტრე კურტანიძეს, პაატა ჭიპაშვილს, თამარ კურტანიძესა და რესტორან „მარანის“ თანამშრომლებს; ყველა იმ ადამიანს, ვინც პლენერ „გამას“ ორგანიზებაში დაეხმარა.

„აღფრთოვანებული ვარ, – ამბობს საოპერო მომღერალი მამუკა ლომიძე, – მადლობა ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს. იმედი მაქვს, მომავალში პლენერის მუსიკალური ნაწილი უფრო საინტერესო გახდება.

„წელს მესამედ ჩავერთე. ყოველწლიურად ველოდები ამ პლენერს, რომ კიდევ ერთხელ დავტკბე ხარაგაულის ულამაზესი ხედებით; სტუმართმასპინძლობით, ზრდილობითა და კულტურით გამორჩეულ ხარაგაულელებს შევხვდე. ახლა, როცა ასე გვაკლია ადამიანური ურთიერთობები, პლენერი ნამდვილი დღესასწაული აღმოჩნდა“, – ამბობს მხატვარი ლევან გოგიტაძე.

თამთა გოგოლაძე