ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრმა ფოტოკონკურსის „ჩემი თვალით დანახული გაზაფხული“ გამარჯვებულები დააჯილდოვა. მათ ფასიანი საჩუქრები გადაეცათ.

I ადგილი – ანა კიკნაძე, საღანძილის საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე;

II ადგილი – ანა კოვზირიძე, მარელისის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე;

III ადგილი – ლუკა ცისკაძე, მარელისის საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე.

ფოტოკონკურსი სოციალურ ქსელში გაიმართა. მონაწილეებს ხარაგაულსა და მის სოფლებში გადაღებული გაზაფხულის საუკეთესო პეიზაჟები სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ფეისბუქგვერდზე უნდა განეთავსებინათ 20 აპრილიდან 20 მაისამდე პერიოდში.

ფოტოკონკურსის „ჩემი თვალით დანახული გაზაფხული“ გამარჯვებულები საკონკურსო ფოტოებზე გაკეთებული მოწონებების რაოდენობის მიხედვით გამოვლინდა.

პირველი ადგილის მფლობელი ანა კიკნაძე პირველად ჩაერთო მსგავს ფოტოკონკურსში. მისთვის შთაგონების წყარო წვიმიანი დღე გახდა.

„აივანზე გასულს, თვალწინ ულამაზესი პეიზაჟი გადამეშალა. ამ ფოტოკონკურსის შესახებ ვიცოდი და ეს ფოტოც სპეციალურად ამისთვის გადავიღე. გამარჯვებას ველოდი“.

ანა კოვზირიძე ამბობს, რომ ფოტოების გადაღება ძალიან უყვარს და მსგავს აქტივობებში სამომავლოდაც ჩაერთვება.

„ვთვლი, რომ ჩემს ფოტოში იგრძნობა სიხალისე და სიფერადე, რაც გაზაფხულისთვის არის დამახასიათებელი. გამარჯვების იმედი არ მქონდა, მაგრამ ცდა ბედის მონახევრეა და მეც გამიმართლა“, – ამბობს ანა.

„მიყვარს ლამაზი კადრების გადაღება. სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის წინა კონკურსშიც ვმონაწილეობდი, მაგრამ ვერ გავიმარჯვე. მსგავს კონკურსებში იმიტომ ვერთვები, რომ მაინტერესებს, როგორ აღიქვამს საზოგადოება ჩემ მიერ გადაღებულ ფოტოებს. ამ კონკურსში აქცენტი გაკეთებული იყო მოწონებებზე და შესაბამისად, მაინტერესებდა რა გამოხმაურება ექნებოდა საზოგადოების მხრიდან“, – აღნიშნავს ლუკა ცისკაძე.

ლიკა ხიჯაკაძე