დღეს, 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღე და ეროვნული სამოსის დღე აღინიშნება.

ხარაგაულის ისტორიული მუზეუმი, პანდემიის გამო, ამ დღეს ტრადიციული მსვლელობით ვერ შეუერთდა.

მუზეუმის დირექტორის, ნინო დიდიძის, ინფორმაციით, მუზეუმების საერთაშორისო დღე ხარაგაულში კვირეულით აღინიშნება, რომელიც სხვადასხვა ღონისძიებებით დაიტვირთება.

„წლევანდელი მუზეუმების საერთაშორისო დღის თემა არის „მუზეუმების მომავალი, აღდგენა და  გარდასახვა“.

კვირეულის ფარგლებში ჩატარდება საგანმანათლებლო პროექტი „მოხალისე გიდები“. დღეს ეროვნილი სამოსის დღეც აღინიშნება, ხარაგაულელებს შევთავაზეთ, რომ დღეს მობრძანდნენ მუზეუმში, ეროვნულ სამოსში და გადავიღოთ ფოტოები.

კვირეულის ფარგლებში ასევე გაიმართება ღონისძიება თანამედროვე სამყაროში გაცოცხლებული კადრები, წელს გავაცოცხლებთ რამდენიმე მხატვრის ნამუშევარს – ივანე ვეფხვაძის „მეუღლის პორტრეტი“, ოთარ სულავას „მღებავი“ და რობერტ სტურუას „ესპანური ცეკვა“.  მუზეუმში მოსულ დამთვალიერებლებს დაწესებული რეკომენდაციების გათვალისწინებით ვაჩვენებთ ხარაგაულის მუზეუმის განახლებულ გალერეას.

კვირეული დღეს 18 მაისს დაიწყება და 22 მაისს დასრულდება.

ყველა ჩატარებული ღონისძიების ფოტომასალები განთავსდება ხარაგაულის მუზეუმის ფეისბუქგვერდზე“, – ამბობს ნინო დიდიძე.

„ამ დღეს ხარაგაულის კულტურის ცენტრი ყოველთვის განსაკუთრებით აღნიშნავდა, თუმცა პანდემიის გამო წელს შეზღუდულები ვართ და მხოლოდ ღია სივრცეში მოკრძალებული ღონისძიებით შემოვიფარგლებით. იმედია, მომავალ წელს უფრო გრანდიოზულად აღვნიშნავთ ამ დღეს,“ – ამბობს ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორი ნიკოლოზ მაჭავარიანი.

მუზეუმების საერთაშორისო დღე 1977 წლის 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს  (ICOM) მიერ დაფუძნდა და ამ თარიღს საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოება  40 წელზე მეტია აღნიშნავს. მუზეუმების საერთაშორისო საბჭო მუზეუმის პროფესიონალთა უნიკალური ქსელია, სადაც 35,000 – ზე მეტი  ინდივიდუალური წევრი, 20 000 მუზეუმი, 172 ადგილობრივი და საერთაშორისო კომიტეტია გაერთიანებული. სწორედ, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმები ყოველწლიურად გეგმავენ კრეატიულ ღონისძიებებსა და აქტივობებს, რომლებიც უკავშირდება მუზეუმის საერთაშორისო დღის თემას.