

ხარაგაულის გიმნაზიის მე-11 კლასის მოსწავლე კესო ჩხიკვაძემ მომავალ ლიდერთა გაცვლით პროგრამაში (FLEX) გაიმარჯვა.
FLEX ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პროგრამაა და ამერიკის მთავრობის მიერ ფინანსდება. პროგრამის ფარგლებში შერჩეული მოსწავლეები ერთი აკადემიური წლის განმავლობაში ამერიკულ სკოლაში სწავლობენ და ამერიკელ მასპინძელ ოჯახში ცხოვრობენ.
ამ პროგრამით, ყოველწლიურად, საქართველოდან 80 მოსწავლეს არჩევენ.
კესო ჩხიკვაძე ამ პროგრამის წლევანდელი ერთადერთი ხარაგაულელი გამარჯვებულია.
მან გასული წლის სექტემბრიდან რამდენიმე შესარჩევი ტური გაიარა.
„თავდაპირველად შევავსე ანკეტა. ამის შემდგომ რამდენიმე ესე დავწერე და ინგლისურის ენის ცოდნის დონის შესამოწმებელი ტესტი გავიარე, – ამბობს კესო ჩხიკვაძე, – ნოემბერში დამირეკეს და მითხრეს, რომ მესამე ტურში გადავედი.
მესამე ტურშიც ესეები და წერილები დავწერე. FLEX-ის წარმომადგენლებთან გასაუბრება გავიარე და მათი მეთვალყურეობით სამი ესე დავწერე. ამ ყველაფრის შემდგომ მოლოდინი დაიწყო. 6 თვეა ველოდები პასუხს.
ერთი თვის წინ დამირეკეს და კიდევ ერთხელ, ინგლისურის ენის ცოდნის დონის დასადგენი ტესტი დავწერე. დღეს კი დამირეკეს და მითხრეს, რომ გავიმარჯვე. ეს ჩემთვის დიდი ბედნიერებაა“.
კესოსთვის, ჯერჯერობით, უცნობია, მოახერხებს თუ არა ამერიკაში გამგზავრებას, იქ ცხოვრებასა და სწავლას. ეს ყველაფერი ეპიდვითარებაზეა დამოკიდებული. შარშანდელმა FLEX-ის გამარჯვებულებმა ამერიკულ სკოლაში დისტანციურად ისწავლეს. კესო იმედოვნებს, რომ ეპიდვითარება შემსუბუქდება და ამერიკაში გამგზავრებას მოახერხებს.
კესოს ეს დიდი წარმატება განსაკუთრებით გვიხარია, რადგან ის „ჩემი ხარაგაულის“ რედაქციასთან მოქმედი ჟურნალისტთა სკოლა „იმედი ხვალის“ კურსდამთავრებულია.
ვულოცავთ კესო ჩხიკვაძეს, მისი მშობლიური ბაზალეთის სკოლისა და ხარაგაულის გიმნაზიის მასწავლებლებს, კესოს მშობლებს და მომავალშიც მუდამ წარმატებებს ვუსურვებთ.
ლიკა ხიჯაკაძე
„რიკოთის ქარის სადგურის“ ასაშენებლად კომპანია „ტაბას“ ხარაგაულსა და ხაშურში
საქართველოს რკინიგზა 21 და 22 მარტს მაგისტრალურ სამგზავრო მატარებლებზე
ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში ღრმა მწუხარება გამოთქვა
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორეს,
ხარაგაულში, ისევე როგორც მთელ საქართველოში, სოციალურად დაუცველი ოჯახების