ხარაგაულის რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრის კლინიკაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო.

დღეს, 18 მარტს, ხარაგაულში სამედიცინო სფეროს ათი წარმომადგენელი აიცრება. პირველი ექიმი, რომელმაც ვაქცინაცია ჩაიტარა, ფტიზიატრი ქეთევან აბრამიშვილია. ვაქცინაციის შემდეგ ის თავს კარგად გრძნობს და კოლეგებს მოუწოდებს, აუცილებლად ჩაიტარონ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია.

„ალერგიული რეაქცია არ გამომივლინდა. ამ ვაქცინის გაკეთება აუცილებელია. შეიძლება შეგხვდეს ეს ვირუსი, მაგრამ მას მარტივ ფორმებში გადაიტან. თუ გვინდა, რომ კორონავირუსი დავამარცხოთ და მომავალი წლები ჯანმრთელად გავატაროთ, ყველამ უნდა ავიცრათ“, – ამბობს ქეთევან აბრამიშვილი.

ხარაგაულში, ამ კვირაში სულ 30 პირი აიცრება. პირველ ეტაპზე აქცენტი გაკეთდება კლინიკაში მომუშავე პირებზე, რომელთაც უშუალო კონტაქტი აქვთ პაციენტებთან.

ხარაგაულის საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი მაკა ქასრაშვილი ოპტიმისტურადაა განწყობილი და იმედოვნებს, რომ ვაქცინაციის პროცესში სამედიცინო პერსონალი აქტიურად ჩაერთვება. ის ამბობს, რომ ვაქცინაცია პანდემიის დასასრულის დასაწყისია.

„დღეს ვაქცინაციის პირველი დღეა. ყველა დადებითადაა განწყობილი. შემართებით ვართ. ჩვენთან ვაქცინის მიმართ ნდობა მაღალია. იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის“.

ლიკა ხიჯაკაძე