საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ორი დღეა, რაც დაიწყო.

რა ეტაპზეა ვაქცინაცია იმერეთში და როდის დაიწყება ხარაგაულში, ამ შეკითხვებით დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსს გოჩა გიორგიძეს მივმართეთ.

„ამ ორი დღის განმავლობაში, იმერეთში სამედიცინო სფეროს 80 წარმომადგენელი აიცრა, – ამბობს გოჩა გიორგიძე, – ვაქცინაციის პროცესი ნორმალურად მიმდინარეობს. თუმცა ამჟამინდელი აქტივობა არასაკმარისია იმისათვის, რომ ძალიან მოკლე დროში საზოგადოების დიდი ნაწილის ვაქცინით დაცვა შევძლოთ.

მოვუწოდებ ყველას, – პირველ რიგში ჩემს კოლეგებს, სამედიცინო საზოგადოებას, რომ  უფრო მეტად გაააქტიურდნენ და დროულად აიცრან. ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ პრეკვალიფიცირებულია და გავლილი აქვს როგორც  უსაფრთხოების, ასევე ეფექტურობის ყველანაირი შეფასება და შემოწმება.

ნუ დაიჯერებთ გავრცელებულ დეზინფორმაციებს, რომლებსაც ჩვენი ქვეყნისა და ხალხის არაკეთილმოსურნეები ავრცელებენ.

covid-19-ის გაჩერების ერთადერთი გზა გადის ვაქცინასა და პირბადის გამოყენებაზე. გამოვიყენოთ ეს ორი შესაძლებლობა იმისათვის, რომ ვირუსი დავამარცხოთ და ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდეთ.

ვაქცინაციის პირველ ეტაპზე იმერეთზე 5550 დოზა ვაქცინა განაწილდა. დღეიდან ვაქცინაციის პროცესში იმერეთის ექვსი მუნიციპალიტეტი – საჩხერე, ჭიათურა, ზესტაფონი, თერჯოლა, სამტრედია და წყალტუბო – ჩაერთვება, ხოლო დანარჩენი ხუთ  მუნიციპალიტეტში ვაქცინაცია 18 მარტიდან დაიწყება.

სამედიცინო პერსონალი აიცრება სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრირებულ ამცრელ დაწესებულებებში, ქუთაისში ასეთი დაწესებულება, სადაც უკვე მიმდინარეობს ვაქცინაცია, ოთხია. დანარჩენ მუნიციპალიტეტებში ვაქცინაცია რაიონულ საავადმყოფოებსა ან პოლიკლინიკებში ჩატარდება.

ჩემი მეუღლე და ჩემი და, ჩემს თანამშრომლებთან ერთად ერთ-ერთი პირველები აიცრნენ. რაიმე ეჭვი რომ მქონოდა ამ ვაქცინასთან დაკავშირებით და რომ არ ვიყო დარწმუნებული მის ეფექტურობასა და უსაფრთხოებაში, როგორ გგონიათ, გავუწევდი მათ რეკომენდაციას ამ ვაქცინაციის ჩასატარებლად?!

ძალიან ვწუხვარ, რომ მე პირადად ჯერ ვერ გავიკეთე ვაქცინა, რადგან კორონავირუსით ჩემი ინფიცირებიდან 120 დღე ჯერ არ გასულა. აპრილში, 121-ე დღეს მივალ ვაქცინაციის ცენტრში და ჩავიტარებ ვაქცინაციას“.
თამთა გოგოლაძე