კორონავირუსის პანდემიის გამო და ქვეყნის მასშტაბით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გათვალისწინებით, 2020-2021 სასწავლო წლისთვის პირველკლასელთა რეგისტრაციისთვის ახალი ვადები დადგინდა.

პირველკლასელთა რეგისტრაციასთან ერთად მშობლებისათვის აქტუალური ხდება სასურველი სკოლის შერჩევის საკითხი.

ხარაგაულელ მშობელთა ნაწილს უკვე გადაწყვეტილი აქვს, თუ რომელ სკოლაში შეიყვანენ შვილს. მათ რიცხვს მიეკუთვნება მარი ვეფხვაძე. მან სასურველ სკოლაზე არჩევანი უკვე გააკეთა.

„სკოლა ორი ფაქტორის გათვალისწინებით შევარჩიე. სკოლაში, სადაც ჩემი შვილის შეყვანას ვფიქრობ, ძალიან კარგი პედაგოგები არიან და ინფრასტრუქტურაც მოწესრიგებულია“, – ამბობს მარი.

სასურველი სკოლა აირჩია და შვილი უკვე დაარეგისტრირა თამრიკო ჭანკოტაძემ.

„საკმაოდ ბევრი ვიფიქრე, სანამ სასურველ სკოლას ავირჩევდი, – ამბობს თამრიკო, – თავდაპირველად, ჩემი შვილის იმ სკოლაში შეყვანა მინდოდა, რომელიც მე დავამთავრე. საბოლოოდ, იმ სკოლაში დავარეგისტრირე, რომელიც ჩვენს სახლთან ახლოსაა; ამავდროულად, ძალიან კარგი მასწავლებელი ეყოლება“.

პირველკლასელთა რეგისტრაცია 4 ეტაპად მიმდინარეობს:

I ეტაპი – სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის – 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით არის შესაძლებელი. ამ ეტაპზე დარეგისტრირებულ მოსწავლეთა მშობლებმა დოკუმენტაცია სკოლაში 5 ივლისამდე უნდა წარადგინონ.

II ეტაპზე (11 მაისიდან 1 ივნისის ჩათვლით) უნდა დარეგისტრირდნენ პირველკლასელები:

  • რომელთა და-ძმა სწავლობს სასურველ სკოლაში;
  • მშობელი არის კონკრეტული სკოლის თანამშრომელი;
  • ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

რეგისტრაცია შესაძლებელია საჯარო სკოლებში მშობლის განცხადების საფუძველზე.

მშობლებმა დოკუმენტაცია სკოლაში 11 მაისიდან 5 ივლისის ჩათვლით უნდა წარადგინონ. ამ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

III ეტაპი – საყოველთაო რეგისტრაცია – 2 ივნისს დაიწყება და 25 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება, ხოლო დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელი იქნება 2 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით.

პირველკლასელთა რეგისტრაცია შესაძლებელია განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე registration.emis.ge. ელექტრონულ რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი. დადგენილ ვადებში ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

IV ეტაპზე პირველკლასელთა რეგისტრაცია და დოკუმენტაციის წარდგენა 13 ივლისს დაიწყება და 31 აგვისტოს ჩათვლით გაგრძელდება.

ამ ეტაპზე გამოთავისუფლებულ/ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე მოხდება იმ მოსწავლეთა რეგისტრაცია, რომლებიც I, II და III ეტაპებზე ვერ დარეგისტრირდნენ ან სურთ რეგისტრაციის შეცვლა.

მეოთხე ეტაპზე მოსწავლის რეგისტრაციას, მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ წარდგენილი აუცილებელი დოკუმენტაციის საფუძველზე, სკოლა უზრუნველყოფს.

ფოტოზე: ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის პირველკლასელები