მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად დაიწყო. ამან ადამიანებს გაუჩინა იმედი, რომ ჩვეულ ცხოვრებას მალე დავუბრუნდებით.
კორონავირუსის პანდემიამ ბევრ საკითხზე დაგვაფიქრა, შეცვალა ჩვენი დამოკიდებულებები და მსოფლმხედეველობაც კი.
ადამიანებმა დავინახეთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ერთმანეთთან ურთიერთობა და სითბოს გაზიარება. ვისწავლეთ, რომ ბევრი საკითხი და პრობლემა დისტანციურადაც გვარდება. შეიძლება ითქვას, რომ ეს გარდამტეხი ხაზია ძველსა და ახალს, – პანდემიამდელ და პანდემიის შემდგომ ცხოვრებას შორის.
„ველოდები, რომ ჩვეულ ცხოვრებას ძალიან მალე დავუბრუნდებით, – ამბობს ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის რეჟისორი ირინე ჩხეიძე, – პანდემიამ ბევრ რამეზე დამაფიქრა. დავინახე, თუ როგორი ძნელია ცოცხალი ურთიერთობების გარეშე ცხოვრება. გავიგე ადამიანური ურთიერთობებისა და დროის ფასი. ჩახუტებას დიდი ენერგია აქვს. ადამიანები ამით სითბოსა და სიყვარულს უზიარებენ ერთმანეთს. ახლა ამას მოკლებულნი ვართ და ერთი სული მაქვს, როდის დავუბრუნდებით ჩვეულ ცხოვრებას.
პანდემიის დროს ვისწავლე, რომ ბევრი საკითხი შეიძლება დისტანციურადაც მოაგვარო. ადრე სოციალურ ქსელს აქტიურად არ ვიყენებდი, მაგრამ ახლა ხარაგაულის თეატრის 120 წლის იუბილე, ფაქტობრივად, აქ აღვნიშნეთ და უფრო მეტმა ადამიანმა გაიგო ამის შესახებ. დავიწყე ზღაპრების ჩაწერა და ამას დიდი გამოხმაურება ჰქონდა“.
ირინე ჩხეიძის აზრით, პანდემიამ დაგვანახა ის, რომ დედამიწა ძალიან პატარაა და ერთი ტკივილითა და სიხარულით ცხოვრება შეუძლია.
ხევის საჯარო სკოლის დირექტორი მერი ხადილაშვილი თვლის, რომ პანდემიას რაღაც დადებითი მხარეც ჰქონდა:
„ჩვეულ ცხოვრებასთან დაბრუნება უახლოეს მომავალში ძალიან გაგვიჭირდება. პანდემიის დროს გაუმჯობესდა მასწავლებლებისა და მოსწავლეების კომპიუტერული უნარ-ჩვევები, რასაც მომავალშიც გამოიყენებენ. ვისწავლეთ ჰიგიენის ნორმების დაცვა, რომელიც ჩვევაშიც კი გადაგვივიდა“.
„კვლავ პანდემიის პირობებში ვაგრძელებთ ცხოვრებას, – ამბობს ექიმი გიორგი ბარბაქაძე, – ისევ ველოდები კორონავირუსის ახალ ტალღას. კიდევ დიდი გამოწვევების დაძლევა მოგვიწევს მანამ, სანამ ჩვეულ ცხოვრებას დავუბრუნდებით. თუ მოვახერხეთ და დავძლიეთ ეს ვირუსი, ცხოვრებას ისევე გავაგრძელებთ, როგორც აქამდე“.
„კორონავირუსის დამარცხებას დიდი დრო დასჭირდება. პანდემიამ ტექნოლოგიური განვითარების პროცესი დააჩქარა. მივხვდით, რომ დისტანციურადაც შეიძლება ბევრი რამ გავაკეთოთ, რაც აქამდე ვერ წარმოგვედგინა. პანდემიამ გვასწავლა, რომ უნდა ვიყოთ ფრთხილად და პასუხისმგებლობით, რადგან სხვა არ დავაზარალოთ“, – ამბობს გიორგი ჭყოიძე.
ლიკა ხიჯაკაძე
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი