ხარაგაულის ახალაშენებულ და ახალნაკურთხ, მაცხოვრის შობისა და თორმეტი მოციქულის სახელობის საკათედრო ტაძარში 7 იანვარს შობის სადღესასწაულო ლიტურგია მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მელქისედეკმა (ხაჩიძე) აღავლინა.
ამავე წირვაზე ბერ-დიაკონ საბას (კევლიშვილი) მღვდლად დაასხა ხელი, ასევე დააჯილდოვა ეპარქიის სამღვდელოება. დეკანოზი დიმიტრი (დეკანოსიძე), დეკანოზი თომა (ლაცაბიძე), დეკანოზი პავლე (ცერცვაძე) და დეკანოზი ნიკოლოზი (კაპანაძე) გამშვენებული ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდნენ.
მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ წირვაზე საშობაო ეპისტოლე წაიკითხა.
გთავაზობთ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის, მელქისედეკის (ხაჩიძე) საშობაო ეპისტოლეს, რომელიც ხარაგაულის საკათედრო ტაძარში შობის სადღესასწაულო წირვაზე წიკითხა:
„ჩვენთვის იშვა ყრმა ახალი, პირველსაუკუნეთა ღმერთი“ (შობის კონდაკი)
ქრისტესმიერ საყვარელო ძმანო და დანო!
ქრისტე იშვა!
კიდევ ერთხელ ვეგებებით შობის დღესასწაულს, ვმადლობთ უფალს და სიხარულით ვგალობთ – „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“.
უაღრესად დაძაბული, მძიმე, დამღლელი და ტრაგიკული წელი მიილია. სულ რაღაც თორმეტიოდე თვის წინ, ამპარტავნებისა და სიამაყის ვნებაში ჩაფლული დედამიწა ალბათ ვერც კი წარმოიდგენდა, თუ როგორ დასცემდა მას ძირს COVID-19. უეცრად ჩამოინგრა ის სვეტი, რომელსაც ვეყრდნობოდით, განადგურდა სიამაყე და შეუიარაღებელნი აღმოვჩნდით ვერაგი მტრის წინაშე.
მხოლოდ ერთადერთი, საუკუნეების წინ ბეთლემის მოკრძალებულ სადგომში შობილი ყრმისადმი მიმართული სასოება ასულდგმულებდა და აცოცხლებდა ჩვენს დაცემულ არსებობას, „რამეთუ სადა ღმერთსა ჰნებავს, იძლევის ყოველივე ბუნებისა წესი; რამეთუ ინება და იქმნა, გარდამოხდა და იხსნა და თანა-მორბედ ყო ყოველივე ღმრთისა.“
სამწუხაროდ, 2021 წლის შობას ჩვენ გვერდით აღარ არიან ის ადამიანები, რომლებიც წლობით გვეხმარებოდნენ, გვანუგეშებდნენ, გვახარებდნენ და გვაბედნიერებდნენ. უწინდელივით ვეღარ გაიზიარებენ ამ დიდებული დღესასწაულის იმ სითბოს, სიხარულსა და სიმშვიდეს, რასაც ზამთრის ცივ დღეებში ჩვენს ტაძრებსა და ოჯახებში განვიცდით ხოლმე. ისღა დაგვრჩენია უფალს შევთხოვოთ, რომ მათმა სულებმა განისვენონ იქ, „სადაცა მართალნი განისვენებენ“.
შობის დღესასწაული გამორჩეულად მინდა მივულოცო იმ ავადმყოფებს, რომლებიც დღეს სხვადასხვა საავადმყოფოებში სიკვდილს ებრძვიან; იმ მედიკოსებს, რომლებიც საკუთარ სიცოცხლეს სხვისი გადარჩენისათვის სასწორზე დებენ; ჩვენს იმ თანამემამულეებს, რომლებიც საოკუპაციო ხაზს მიღმა იმყოფებიან და, რა თქმა უნდა, საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ ემიგრანტებს.
დღევანდელი დღე იმედისა და სიხარულის დღეა. ჩვენც იმედი ვიქონიოთ, რომ ეს დაბრკოლებები გაივლის და მომავალ წელს სხვაგვარი სიხარულით აღვსილები შევხვდებით.
ძალიან ხშირად გვიჭირს ხოლმე შობის დღესასწაულის აღქმა. ჩვენს ყოველდღიურობაში იგი რაღაც შემოსაზღვრულ მოვლენად განიხილება, რომელიც არცთუ იშვიათად ნაყროვანებისა თუ მემთვრალეობის ვნებებს უკავშირდება ხოლმე.
არადა ესაა დღე, როდესაც სამყარო საუკუნოვანი ტანჯვისაგან გათავისუფლდა, როდესაც დედამიწაზე სიყვარული განკაცდა, როდესაც მიწა ზეცას კვლავ შეუერთდა და როდესაც ჰეროდე ბაგაში შობილი ყრმისაგან იძლია.
დღეს ღვთის სიტყვა განკაცდა, რათა ჩვენ განღვმრთობილიყავით. დიახ, ღმერთი გახდა კაცი დედამიწაზე მცხოვრები ყველა ადამიანისათვის, განურჩევლად მათი სოციალური, პროფესიული, ეთნიკური თუ სხვა სახის კუთვნილებისა.
ღმერთი ყველა ადამიანისათვის განკაცდა, რადგან თითოეული ადამიანი ერთი ღმერთის შვილია. ამიტომ, ისღა დაგვრჩენია, რომ ჩვენი გულები და სულები ბაგის მსგავსად გავუმზადოთ ქრისტეს, შემდეგ კი ყველას ვახაროთ, რომ ჩვენში იშვა ქრისტე!
ქრისტეშობა 2021
თქვენთვის მლოცველი,
მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე)
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი