დღეს, 9 ნოემბერს, კორონავირუსი 4 ხარაგაულელს დაუდასტურდა. მათგან ერთი მამაკაცი ვერტყვიჭალელია, მეორე – საქარიქედელი, ხოლო მესამე – ჯაფაროულელი. ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, ეს უკანასკნელი ზესტაფონში მუშაობს და სავარაუდოდ, კორონავირუსი თანამშრომლებისგან გადაედო.

პირველი ორი დაავადებულის ინფიცირების წყარო, ჯერჯერობით, უცნობია.

დღეს კორონავირუსი დაუდასტურდა ასევე ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის მოსწავლეს.
გასულ დღეებში covid-19 ამავე სკოლის ორ მოსწავლესა და ორ მასწავლებელს გამოუვლინდა.

საბედნიეროდ, ხარაგაულში covid-19-ით ინფიცირებული ერთი პირი გამოჯანმრთელდა.

ამ დაავადების ხარაგაულში პირველად დაფიქსირების დღიდან ამ დრომდე, კორონავირუსით 36 პირი დაავადდა. მათგან 6 უკვე გამოჯანმრთელებულია.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმ ნინო ყიფშიძისგან მოპოვებული ინფორმაციით, დღეისათვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 88 ადამიანი იმყოფება.

9 ნოემბერს ინფექციაგამოვლენილ პირებთან კონტაქტში მყოფი ადამიანების ვინაობის დადგენა გრძელდება.

ამ წუთებში ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმები გეგმიურ ტესტირებას ატარებენ ხარაგაულის კოვიდკლინიკასა და სასწრაფო დახმარების სამსახურში.

კოვიდკლინიკის მედპერსონალი კორონავირუსზე გეგმიურ ტესტირებას ყოველ შვიდ დღეში ერთხელ გადის, ხოლო სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟი – ყოველ მესამე დღეს.

ძვირფასო მკითხველებო, ჯანმრთელობასა და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ.

კორონას მხოლოდ რეკომენდაციების შესრულებით – პირბადის ტარებით, დისტანციისა და ჰიგიენის დაცვით შევაჩერებთ.