„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხარაგაულის რაიონული ორგანიზაცია ხვალ რუსთაველზე დაგეგმილ აქციას უერთდება. პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის, თორნიკე ავალიშვილის თქმით, ის აქციაზე მიდის თავის გუნდთან ერთად. „ჩვენთან ერთად წამოვა ყველა ის ადამიანი, ვინც გმობს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ანექსიას.“

თორნიკე ავალიშვილის თქმით, „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი, მისი მოადგილეები, ა(ა)იპების ხელმძღვანელები, გამგეობის სამსახურის უფროსები და საკრებულოს წევრები უნდა შეუერთდნენ ამ აქციას, რადგან ეს არ არის  მხოლოდ პარტიული შეკრება. ეს არის ანექსიის დაგმობა. თითქმის უკვე ყოველდღიურად ვკარგავთ აფხაზეთისა და ოსეთის ტერიტორიებს“.

თორნიკე ავალიშვილის ინფორმაციით, ხვალ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპებში დაგეგმილია დასუფთავების აქცია.

„დასუფთავების აქცია კი არ უნდა მოვაწყოთ. ყველამ ერთად უნდა დავგმოთ და გავაპროტესტოთ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ანექსია. მუნიციპალიტეტში გვყავს დასუფთავების სამსახური, სადაც საკმაოდ ბევრი ხალხია დასაქმებული იმისთვის, რომ  დაასუფთაონ ხარაგაული“ – აღნიშნავს თორნიკე ავალიშვილი.

ა(ა)იპ-ების ხელმძღვანელებმა და თანამშრომლებმა ჩვენთან სატელეფონო საუბარში დაადასტურეს, რომ ხვალ, 15 ნოემბერს, მათი სამსახურების შენობის მიმდებარე ტერიტორიებს დაასუფთავებენ.

თამთა გოგოლაძე