15 სექტემბერს საჯარო სკოლებში სწავლის დაწყების მაუწყებელი ზარი დაირეკება. ახმიანდება ქუჩები და ცხოვრებაც თითქოს ახალ, საზეიმო ელფერს შეიძენს.

ამ დღის დადგომას განსაკუთრებული ემოციით პირველკლასელები ელოდებიან. მათთვის სამუდამოდ დასამახსოვრებელი იქნება პირველი ნაბიჯები ცოდნის სამყაროში.

როგორ წარმოუდგენიათ სკოლა და მოსწავლეობა, – საკუთარ განცდებსა და სურვილებს ხარაგაულელი პირველკლასელები გვიზიარებენ.

დავით ავალიშვილს სკოლაში მისვლა ძალიან უხარია, რადგან საბავშვო ბაღის ჯგუფელებს ნახავს და ახალ მეგობრებს გაიცნობს. ერთი სული აქვს, წერა-კითხვას როდის ისწავლის. პირობას დებს, რომ ბეჯითი მოსწავლე იქნება.

სწავლის დაწყებას მოუთმენლად ელოდება თამარ მესხი. უნდა, რომ საუკეთესო მოსწავლე იყოს და კარგი სწავლით ბებია და მშობლები გაახაროს.

საკუთარი სასკოლო ნივთები რომ ექნება, ეს ძალიან ახარებს ალექსანდრე ყრუაშვილს.  იცის, რომ სკოლაში ბევრი მეგობარი ეყოლება და კარგი მოსწავლე იქნება. ალექსანდრეს კოსმონავტობა სურს იმისთვის, რომ ცაში იფრინოს.

ბარბარე ღონღაძე ელოდება, რომ მისი სკოლა ძალიან ლამაზი იქნება, თბილი და მოსიყვარულე მასწავლებლები ეყოლება და ბევრ მეგობარს შეიძენს. წერა-კითხვას რომ ისწავლის, საინტერესო წიგნებს წაიკითხავს. უნდა, რომ კარგი სწავლით მშობლები გაახაროს, სკოლა და მასწავლებლები ასახელოს.

გიორგი ინასარიძეს მათემატიკა განსაკუთრებით უყვარს და ამბობს, რომ სკოლაში ამ საგანს ყველაზე კარგად ისწავლის. ახალი თანაკლასელების გაცნობა მას ძალიან ახარებს.

ანი შავიძის სურვილია, რომ დიდი და ლამაზი საკლასო ოთახის კედლები ცისარტყელითა და ყვავილებით იყოს მოხატული. ანიმ საკუთარი სახელის დაწერა უკვე იცის, მაგრამ კიდევ ბევრი უნდა ისწავლოს, რომ პედიატრი გამოვიდეს.

სკოლაში რომ დიდი და ნათელი ოთახებია, გაბრიელ შარიქაძეს ძალიან მოსწონს. იქ დედიკო, ნინო და ლია მასწავლებლები დახვდებინ. გაბრიელს სურს, რომ ძამიკოსა და დაიკოსავით კარგად ისწავლოს და რომ გაიზრდება, მათსავით – სტუდენტი გახდეს.

გიორგი კურტანიძე გვაიმედებს, რომ კარგი და ბეჯითი მოსწავლე იქნება. მას  წიგნები უყვარს და ამიტომ ერთი სული აქვს, კითხვა ისწავლოს. დედამ უთხრა, რომ სკოლაში კომპიუტერს მისცემენ და ძალიან უხარია.

ანასტასია ლომსაძე გვპირდება, რომ სწავლა არ დაეზარება და კარგად ისწავლის. მას ყველაზე მეტად სიმღერა უყვარს. ამიტომ მომღერალი უნდა გამოვიდეს.

წარმატებულ მომავალს ვუსურვებთ თითოეულ მათგანს და მათ თანატოლებს.