ბორის საჯარო სკოლამ (დირექტორი ჰალმეტ ბერაძე) განახორციელა პროექტი „ერთი დღე დღის ცენტრში.“ სკოლის მოსწავლეები ესტუმრენ ზესტაფონში შშმ ბავშვთა დღის ცენტრ „ორიონს“ და კონცერტი გამართეს.

„სამი თვის წინ ჩვენი სკოლის ორ მოსწავლეს მიენიჭა სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლის სტატუსი, – გვიამბობს ჰამლეტ ბერაძე, – ამიტომ დაინიშნა სპეცპედაგოგი. პედაგოგმა მელანო ნათენაძემ და სკოლის სამოქალაქო კლუბ „სმარტკლუბის“ წევრებმა შეიმუშავეს პროგრამა და გადაწყვიტეს კონცერტის ჩატარება. დავწერეთ პროექტი და წარვუდგინეთ ა/ო „თბილისის მოზარდთა სახლს“ (წარმომადგენელი თამუნა გრიგოლია და ვასო ნატროშივილი). მათ პროექტი მოიწონეს და დაგვიფინანსეს 200 ლარით. 50 ლარი ხმარდება ტრანსპორტირებას, 150 ლარით კი „ბიბლუსში“ „ორიონის“ წარმომადგენლების სურვილისამებრ შევიძინეთ საჭირო სახელმძღვანელოები, სხვადასხვა ინვენტარი და საჩუქრად გადავცემთ დღის ცენტრს.“

არაჩვეულებრივი ღონისძიება გამართეს ბორის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა. დიდი მოწონება დაიმსახურა ხალხური საკრავების გუნდმა „მთიებმა,“ ვოკალურმა სიმღერებმა, კლასიკურმა მუსიკამ, ლექსებმა და ინსცენირებამ ზღაპრიდან „წითელქუდა.“

ბორის სკოლის მოსწავლეებს არც „ორიონელები“ ჩამორჩნენ, – მათაც იმღერეს, იცეკვეს და წაიკითხეს ლექსები. ბოლოს კი სტუმრებმა და მასპინძლებმა ერთად შეასრულეს საკონცერტო ნომრები.

„ათი წელია, რაც „ორიონი“ დავაფუძნეთ, – აღნიშნა ღონისძიების შემდეგ ა/ო „ორიონის“ თავმჯდომარემ და შშმ ბავშვთა დღის ცენტრის დირექტორმა ჟანა ფერაძემ, – პირველები ვიყავით იმერეთის რეგიონში ქუთაისის შემდეგ, ვინც დავიწყეთ შშმ ბავშვების პრობლემებზე ზრუნვა. დიდი სიამაყით ვამბობ, რომ დღეს ჩვენი ბავშვები სკოლებში სწავლობენ. „ორიონი“ ერთი დიდი ოჯახია.“

ქალბატონმა ჟანამ დიდი მადლობა გადაუხადა ბორის სკოლას ღონისძიებისთვის და აღნიშნა, რომ „ორიონის“ ბავშვებს ასეთი კონცერტების შემდეგ უფრო მეტად დადებითი ემოცია ეუფლებათ. „ვფიქრობ, ეს დღე არის დასაწყისი ჩვენი დიდი მეგობრობისა. ახლო მომავალში ჩვენ ვესტუმრებით ბორის სკოლას და წარმოგიდგენთ „ორიონის“ მოსწავლეების შემოქმედებას,“ – აღნიშნა ჟანა ფერაძემ.

ბორის სკოლის დირექტორის, ჰამლეტ ბერაძის თქმით, მათი სკოლა გეგმავს ანალოგიური პროექტი განახორციელოს ქუთაისისა და ჭიათურის შშმ ბავშვთა დღის ცენტრებში.

ნინო კაპანაძე

orioni3

orioni2

orioni4

orioni6

oruioni7