ხარაგაულის საავადმყოფოს 15 თანამშრომელი ამ დრომდე სახელფასო დავალიანებით მუშაობს.

მედპერსონალი სექტემბერში აპრილის ხელფასს ელოდება. ეს მდგომარეობა, წლებია, გრძელდება.

განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში არიან ექთნები და სანიტრები, რომლებიც ისედაც მცირე ანაზღაურებას, თვეების განმავლობაში ვერ იღებენ.

იმის გასარკვევად, თუ როდის დაიფარება საავადმყოფოს თანამშრომელთა სახელფასო დავალიანება, რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორს, ნუგზარ ბოლქვაძეს, მივმართეთ.

ნუგზარ ბოლქვაძესგან მოპოვებული ინფორმაციით, ხარაგაულის საავადმყოფოს 15 თანამშრომელი აპრილისა და მაისის ხელფასს 17 სექტემბერს მიიღებს.

„ამით სახელფასო დავალიანება ერთ თვემდე შემცირდება, – ამბობს ნუგზარ ბოლქვაძე, – მოგეხსენებათ, საავადმყოფოდან რეგიონული ჯანდაცვის ცენტრში გადაგზავნილი ინფორმაციის შესწავლა, ჯანდაცვის მინისტრის #36 დადგენილების მიხედვით, 90 დღე გრძელდება“.

ამ დადგენილების მიხედვით, ხარაგაულის საავადმყოფოს პერსონალი სექტემბერში ივნისის ხელფასს უნდა იღებდეს.

რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ნუგზარ ბოლქვაძე 2020 წლის მაისში ხარაგაულის საავადმყოფოს მედპერსონალს აცნობა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს ხარაგაულის საავადმყოფოს გლობალურ დაფინანსებზე გადასვლის მოთხოვნით მიმართა.

გლობალური დაფინანსების პირობებში საავადმყოფო იმდენ დაფინანსებას მიიღებს, რამდენიც ხარჯების დასაფარად არის საჭირო და საკუთარ შემოსავლებზე დამოკიდებული აღარ იქნება.

ნუგზარ ბოლქვაძის ინფორმაციით, კორონავირუსის პანდემიის გამო, ეს საკითხი, ჯერჯერობით, ვერ გვარდება.

„სამინისტროს ხარჯების დიდი წილი კორონავირუსის პრევენციული და სამკურნალო ღონისძიებებისთვის იხარჯება. ამიტომ ზუსტად ვერ გეტყვით, ხარაგაულის საავადმყოფოს გლობალურ დაფინანსებაზე გადასვლა როდის გადაწყდება“, – ამბობს ნუგზარ ბოლქვაძე.

ნინო კაპანაძე