პირველი ოქტომბრიდან საბავშვო ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი უნდა განახლდეს.

ხარაგაულის სკოლემდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილის, ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ 19 საბავშვო ბაღში სწავლას 550-მდე აღსაზრდელი შეუდგება. აღსაზრდელთა რეგისტრაცია ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ამ ბავშვებს 200-მდე თანამშრომელი მოესახურება. თითოეული მათგანი სააღმზრდელო პროცესის განახლებამდე პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების გასაცნობად გადამზადდება.

პირველ ოქტომბერს გედსამანიაში საბავშვო ბაღი გაიხსნება. ბაღისთვის სკოლის შენობაში გამოყოფილი ოთახები რემონტდება. ამ ოთახებში გასულ სასწავლო წელს სასკოლო მზაობის ჯგუფი ფუნქციონირებდა. გედსამანიის საბავშვო ბაღში ავეჯსა და ინვენტარს მომავალი კვირიდან შეიტანენ.

ოთახები ასევე რემონტდება ღორეშის საბავშვო ბაღში, მეორე ჯგუფის დასამატებლად. თუმცა, გაიხსნება თუ არა ამ საბავშვო ბაღში ახალი ჯგუფი, როგორც გაერთიანების დირექტორმა მამუკა ჭიპაშვილმა ჩვენთან საუბარში განაცხადა, ეს ღორეშელ მშობლებთან შეხვედრისა და ამ სოფელში საბავშვო ბაღში შესვლის მსურველ სკოლამდელთა ზუსტი აღრიცხვის შემდეგ გადაწყდება.

ხარაგაულის #1 და ზვარეს საბავშვო ბაღებში სველი წერტილები რემონტდება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი თითქმის ყველა საბავშვო ბაღი კოსმეტიკურ რემონტს საჭიროებს.

  • კიცხის ბაღში კანალიზაციის სისტემაა მოსაწესრიგებელი;
  • ბორის ბაღში ღუმელის გამწოვი მილია დასამონტაჟებელი;
  • ბორითის ბაღში სახურავის სანიაღვრე მილების შეკეთებას ითხოვენ;
  • ნადაბურის საბავშვო ბაღში ნესტით დაზიანებული კედლებია შესალესი;
  • სასმელი წლის პრობლემა აწუხებთ გედსამანიის, ბორითისა და ვახანის საბავშვო ბაღებს.

ხუნევის საბავშვო ბაღის მოძველებულ შენობაში კოსმეტიკური რემონტი ჩატარდება. ხუნევის საბავშვო ბაღისთვის, სამომავლოდ, ახალი შენობა უნდა აიგოს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად 10-15 ათასი ლარია საჭირო, რაც გაერთიანების ბიუჯეტიდან გამოიყოფა. ამის შესაძლებლობა, მამუკა ჭიპაშვილის განმარტებით, გაერთიანებას აქვს, იმის მიუხედავად, რომ პანდემიის გამო ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების ბიუჯეტი 65 ათასი ლარით შემცირდა.

ამ დრომდე ღორეშის, წიფის, სარგვეშისა და ნადაბურის საბავშვო ბაღებში, კადრების არარსებობის გამო, მუსიკის პედაგოგები არ ჰყავთ.

მამუკა ჭიპაშვილის თქმით, ახალი სასწავლო წლის დასაწყებად ყველა საბავშვო ბაღში აუცილებელ ინვენტარს გაერთიანება შეძლებისდაგვარად შეიძენს.

სექტემბრიდან საბავშვო ბაღის თანამშრომლებისათვის ხელფასის მატება იგეგმებოდა, გაერთიანების დირექტორის, ინფორმაციით, ჯერჯერობით, ეს საკითხი შეჩერებულია და თანამშრომლების ხელფასებისთვის განკუთვნილ თანხას ახალი სასწავლო წლის დასაწყისში დამატებითი საჭიროებებისთვის გამოიყენებენ.

სექტემბერში ხარაგაულის საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტის გაცემა არ იგეგმება, რადგან საკვები პროდუქტების მარაგი ზუსტად იმდენია, რაც მომდევნო სამი თვის განმავლობაშია აღსაზრდელებისთვისაა საჭირო.

სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებამ საკვები პროდუქტების შესაძენად ტენდერები იანვარში გამოაცხადა, მას შემდეგ პროდუქტებზე ფასები გაიზარდა. თუმცა, ტენდერში გამარჯვებული მეწარმეები საკვებ პროდუქტებს ამ სამი თვის განმავლობაში საბავშვო ბაღებს შეუფერხებლად მიაწოდებენ.

საღანძილესა და ვერტვიჭალაში ახალი საბავშვო ბაღები შენდება. ამ ბაღებისთვის საჭირო ავეჯისა და ინვენტარის ხარჯთაღრიცხვა, 55 ათას ლარზე, სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებამ მუნიციპალიტეტის მერიას უკვე წარუდგინა.

თამთა გოგოლაძე

ფოტოზე: ხარაგაულის #1 საბავშვო ბაღი