დღეიდან 7 იუსტიციის სახლში, 61 საზოგადოებრივ ცენტრში და იმ ტერიტორიულ სამსახურებში, სადაც მოქალაქეთა დიდი ნაკადი არ არის, წინასწარი დაჯავშნის სისტემა უქმდება.

10 აგვისტოდან მოქალაქეებს ხარაგაულის, კიცხისა და ღორეშის სსაზოგადოებრივ ცენტრებში მომსახურებით სარგებლობა წინასწარი დაჯავშნის გარეშე შეუძლიათ. 

ხარაგაულის საზოგადოებრივი ცენტრის მენეჯერ-ოპერატორის, შორენა ყანჩაველის, ინფორმაციით, ხარაგაულის საზოგადოებრივმა ცენტრმა მომხმარებლები დაჯავშნის გარეშე უკვე მიიღო.

„ამან მოქალაქეებისთვის მომსახურების მიღება ბევრად გაამარტივა, რადგან ინტერნეტთან წვდომა მოსახლეობას ყველა სოფელში არ აქვს“, – ამბობს შორენა ყანჩაველი. 

ამ დროისთვის ხევის საზოგადოებრივი ცენტრის მუშაობა, რიკოთის ავტობანის მშენებლობის გამო, შეჩერებულია და არსებული შენობის დემონტაჟი მიმდინარეობს. შორენა ყანჩაველის ინფორმაციით, ხევის საზოგადოებრივი ცენტრისთვის ახალი შენობის აგება, სავარაუდოდ, სექტემბრის ბოლოს უნდა დასრულდეს. 

ხარაგაულის, კიცხისა და ღორეშის საზოგადოებრივი ცენტრების გარდა, მოსახლეობას დაჯავშნის გარეშე შეუძლიათ მომსახურების მიღება ლენტეხში, ამბროლაურში, ვალეში, ადიგენში, შუახევში, ცაგერში, თეთრიწყაროში, ხარაგაულსა და სხვა დასახლებებში, ასევე მთელი რიგი ტერიტორიული სამსახურები, სადაც, ეპიდემიამდე, თვეში მომხმარებელთა ნაკადი საშუალოდ 600-ს არ აღემატებოდა; ასევე, ყაზბეგის, ყვარლის, ბორჯომის, ხონის, თიანეთის, მარტვილისა და ონის ფილიალებში. 

იმ ფილიალებში, სადაც მომხმარებელთა ნაკადი საკმაოდ მაღალია,  ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვის მიზნით,  მომსახურება კვლავ წინასწარი დაჯავშნის სისტემით გრძელდება.

თამარ ჩხიკვაძე 

ფოტოზე: ღორეშის საზოგადოებრივი ცენტრი