„ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, მირიან შარიქაძის ინფორმაციით, წელს ხარაგაულში ქუჩის კალათბურთის ჩემპიონატი გმირთა მემორიალთან აღარ გაიმართება.

ამ ტრადიციად დამკვიდრებული შეჯიბრების ორგანიზატორები ღია ტიპის საკალათბურთო სტადიონის მშენებლობის დასრულებას ელოდებიან.

„ღია სტადიონი თუ დათქმულ ვადაში დასრულდა, ჩემპიონატს წელს იქ ჩავატარებთ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას რომ ღია ტიპის საკალათბურთო მოედნის აშენება ვთხოვეთ, ჩვენ ერთი მიზანი გვქონდა. გვინდა, საქართველოს ქუჩის კალათბურთის ჩემპიონატის იმერეთის დასკვნითი თამაში, რომელიც ტრადიციულად, ქუთაისში ტარდება, ჩვენთან – ხარაგაულში გაიმართოს.

გვინდა, ამ სტადიონზე წელს ჩვენ ვითამაშოთ, გაისად კი იმერეთის დასკვნით თამაშს ვუმასპინძლოთ. ვნახოთ, როგორ გამოგვივა.“

ხარაგაულში ღია ტიპის საკალათბურთო სტადიონს კომპანია „დანი ქონსთრაქშენ“ აშენებს და ამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 247 505 ლარი იხარჯება. არსებული საკალათბურთო მოედნის მოწყობის სამუშაოებთან ერთად, საფეხბურთო მოედნის რეაბილიტაცია არის გათვალისწინებული.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ ამ კომპანიასთან ხელშეკრულება 14 აპრილს გააფორმა. სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან 119 დღეში უნდა დასრულდეს.

შპს „დანი ქონსთრაქშენ“-ის დირექტორის მინდობილი პირის, დავით ქვრივიშვილის ინფორმაციით, საფეხბურთო მოედნის რეაბილიტაცია დასრულდა, საკალათბურთო მოედნის მოწყობის დამთავრებას კი 20 აგვისტომდე აპირებენ.

„ღია ტიპის საკალათბურთო სტადიონის სამუშაოების 80% შესრულებულია. კაუჩუკის ფილები დაგვრჩა დასაგები. მასალა უკვე ადგილზე გვაქვს მიტანილი და საფარის დაგების სამუშაოებს ერთ კვირაში დავიწყებთ. იმის გამო, რომ პროექტში ცვლილებები შესატანი იყო, საპროექტოს გარკვეული დრო დასჭირდა ამისთვის. სწორედ ეს გახლავთ მიზეზი იმისა, რომ ჩვენ ამ მოედნის დასრულება აქამდე ვერ მოვახერხეთ“, – ამბობს დავით ქვრივიშვილი.

ლიკა ხიჯაკაძე

ფოტოზე: ღია ტიპის საკალათბურთო მშენებარე სტადიონი ხარაგაულში