ხარაგაულში სკოლების რეაბილიტაციისთვის 2020 წელს მუნიციპალიტეტმა ცენტრალური ბიუჯეტიდან 410 ათასი ლარი მიიღო.

შვიდი სკოლის შენობაში სველი წერტილების მოსაწყობად მერიამ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიებთან ხელშეკრულებები გააფორმა.

ბორითის, ვაშლევის, წიფის, ვარძიის, ლაშესა და ბაზალეთის სკოლებში საპირფარეშოების მოწყობა გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს და სწავლის დაწყებამდე მოესწრება. ეს ინფორმაცია ამ სკოლების დირექტორებისგან მოვიპოვეთ.

სველი წერტილების მოწყობა ვახანის სკოლაში შეჩერდა. ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს „კაბადოკიასთან“ მერიამ ხელშეკრულება შეწყვიტა. კომპანია ამ სკოლაში სველი წერტილების რეაბილიტაციას 45 439 ლარად გეგმავდა.

მერიის შესყიდვების განყოფილებიდან მოპოვებული ინფორმაციით, როცა სამუშაოების ღირებულება 50 ათას ლარზე ნაკლებია, მშენებელი ვალდებულია შესრულებულ სამუშაოებზე სამხარაულის ექსპერტიზის, ან სერტიფიცირებული ექსპერტის დასკვნა წარადგინოს.

„ეს ჩემი კომპანიის ხარჯებს 2.2%-ით ზრდიდა, – ამბობს შპს „კაბადოკიის“ დირექტორი გია ნიჟარაძე, – ამიტომ ხელშეკრულება შევწყვიტე. ამჟამად სველ წერტილებს ვარძიის სკოლაში ვაკეთებთ. აქ მონიტორინგის ჯგუფი ყოველ მეორე დღეს მოდის და სამუშაოებს ამოწმებს.

ბორითის სკოლაში სსმ პირებისათვის ადაპტირებულ გარემოსა და სველი წერტილის რეაბილიტაციას შპს „ტუკა“ 89 799 ლარად ახორციელებს. იგივე კომპანია ვაშლევის სკოლაში სველ წერტილებს 33 399 ლარად აწყობს.

ბაზალეთის, ლაშისა და წიფის სკოლებში სველ წერტილებს ამხანაგობა „აისის 2“ ახორციელებს. ხელშეკრულების მიხედვით, ბაზალეთის სკოლაში სკოლის საპირფარეშოსა და განათების ქსელის მოწყობისთვის 55 897 ლარია განსაზღვრული, ლაშის საჯარო სკოლის სველი წერტილის რეაბილიტაციისთვის – 47 756 ლარი, წიფის სკოლისთვის – 33 382 ლარი. ვარძიის სკოლაში სველ წერტილებს შპს „კაბადოკია“ 52 539 ლარად მოაწყობს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიიდან მოპოვებული ინფორმაციით, ვახანის სკოლაში სველი წერტილების რეაბილიტაციისთვის ხელახალი ტენდერი მომავალ კვირაში გამოცხადდება.

ნინო კაპანაძე

ფოტოზე: ბორითის სკოლის შენობა