დღეს, 20 ივლისს, პ/გ „ქართულმა ოცნებამ“ საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად პაატა კვიჟინაძე დაასახელა.

ის ამჟამად პარლამენტში საჩხერის მაჟორიტარი დეპუტატია.

2019 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით, მისი წლიური შემოსავალი 108 995 ლარია. აქედან 2018 წელს პარლამენტის წევრობიდან 44 656 ლარი მიიღო, არასაცხოვრებელი ფართის იჯარიდან, რომლის თანამესაკუთრე მისი მეუღლე ნინო გუნიავაა, – 64 345 ლარი.

ეს არასაცხოვრებელი ფართი, რომელიც თბილისში (გლდანში) მდებარეობს, პაატა კვიჟინაძემ 2015 წელს 150000 ლარად შეიძინა.

პაატა კვიჟინაძეს აქვს ორი ბინა მოსკოვში. მათგან ერთი 2001 წელს 40 ათას დოლარად შეიძინა, ხოლო მეორე – 2007 წელს – 100 ათას დოლარად.

მოსკოვში ასევე ფლობს ავტოფარეხს, რომელიც 2007 წელს 5 ათას დოლარად შეიძინა და ასევე სოფელ სოლოსლოვოში 2200 კვმ მიწის ნაკვეთს, რომელიც 2004 წელს 200 ათას დოლარად იყიდა.

პაატა კვიჟინაძის საკუთრებაშია საჩხერეში სამი მიწის ნაკვეთი, რომელიც მან მემკვიდრეობით მიიღო.

დეპუტატის მეუღლის, ნინო გუნიავას სახელზეა რეგისტრირებული თბილისში ორი ბინა, ავტოფარეხი, მიწის ნაკვეთი და მშენებარე ბინა.

თბილისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ბინა (177,7 კვმ) 2005 წელს შეძენილია 50 ათას დოლარად, თსუ-ს მიმდებარედ მეორე ბინა (120,9 კვმ) – 2008 წელს – 60 ათას ლარად, იმავე წელს თსუ-ს მიმდებარედ მშენებარე ბინა (131,3 კვმ) – 72 ათას ლარად.

ავტოფარეხი ნინო გუნიავამ 2010 წელს 5 ათას ლარად იყიდა, 2 250 კვმ მიწის ნაკვეთი კახეთის გზატკეცილზე – 2009 წელს – 250 ათას დოლარად.

ნინო გუნიავა ფლობს მსუბუქ ავტომანქანას toyota land cruiser prado, რომელიც 2008 წელს 31 500 დოლარადაა შეძენილი.

პაატა კვიჟინაძე პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ შემომწირველთა სიაშია. 2014 წელს მან პარტიას 30 ათასი ლარი შესწირა, 2016 წელს – 20 ათასი ლარი.