ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის წლევანდელ კონკურსში ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან მონაწილე 15 სკოლიდან 13 სკოლის ეკოკლუბი ნახევარფინალში გადავიდა.

საქართველოს მასშტაბით, 89 900 ქულით, ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის ეკოკლუბი ლიდერობს.

ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის ეკოკლუბის „EDC-გარემოსდამცველთა კლუბი“ ხელმძღვანელის მადონა ულუმბელაშვილის თქმით, გამარჯვებას გეგმავდნენ, თუმცა ასეთ მაღალ შედეგს არ ელოდნენ.

„მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის გამო სახლებში ვიყავით, აქტიურად ვმართავდით და ვერთვებოდით ონლაინ ვებინარებსა და სემინარებში. ნახევარფინალში, რომელიც ქუთაისში იმართება ხოლმე, ჩვენი ეკოკლუბის მუშაობის შესახებ პრეზენტაციას წარვადგენთ. ამით სასკოლო პრემიის ფარგლებში დადგენილი აქტივობები მთავრდება. იმედია, ნახევარფინალშიც საუკეთესო შედეგს ვაჩვენებთ“, – ამბობს მადონა ულუმბელაშვილი.

#2 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები არიან: გრიგოლ ხიჯაკაძე, არმაზ შავიძე, ვახტანგ მაღრაძე, ნია ფოფხაძე, ნინო კურტანიძე, თეკლა ებანოიძე, მარიამ ბერაძე.

ხარაგაულის #2 სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგი თეა ტალახაძე ხარაგაულში ამ პროექტის კურატორია, ის ამბობს, რომ კონკურსში წელს პირველად ჩაერთო ხარაგაულის გიმნაზიის, მესამე საჯაროს, ლაშის, ხიდრის, ვარძიის საჯარო სკოლების ეკოკლუბები.

„მსურს, მომავალში ხარაგაულის ყველა საჯარო სკოლა დაინტერესდეს პროექტით და არ მოაკლოს თავის მოსწავლეს წარმატება, რომელიც კეცხოველის პროექტის თანმდევია.

კონკურსისი მიმდინარეობისას სკოლები დამოუკიდებლად ან ერთად თანამშრომლობით აგროვებდნენ კონკურსში ქულებს. კონკურსის პირველი ეტაპი 31 მაისს დასრულდა. კონკურსის ნახევარფინალში 160-მდე საჯარო და კერძო სკოლა გადავიდა.

ვფიქრობ, ხარაგაულის სკოლების წარმატებაში ჩემი წვლილი შევიტანე ერთობლივად დაგეგმილი აქტივობების, ექსკურსიის, კონფერენციის, საგანმანათლებლო კვირეულის განხორციელებით“, – ამბობს თეა ტალახაძე.

ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის კონკურსში წელს 360 ეკოკლუბი ჩაერთო.

კონკურსის ორგანიზატორია კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი (CENN). კონკურსი ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით, ტყის მდგრადი მართვა სოფლის განვითარებისათვის პროექტის ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით.

ფოტოზე: ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის ეკოკლუბის წევრები, 2019 წ.