საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მალე ანტიკრიზისული გეგმის მეოთხე ეტაპი ამოქმედდება, რაც ივნისიდან  სავაჭრო ცენტრებისა და ტანსაცმლის მაღაზიების გახსნასაც გულისხმობს. 

ხარაგაულში ტანსაცმლის მაღაზიები მარტში, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე,  დაიხურა. უმუშევრად დარჩნენ ის ადამიანები, რომლებიც წლების განმავლობაში მომხმარებლებს საჭირო საქონლით ამარაგებდნენ და პრობლემების წინაშე აღმოჩდნენ ისინიც, რომელთაც იზოლაციის პირობებში საჭირო სამოსი და ნივთები სჭირდებოდათ. 

ნინო ლომიძე,  წლებია, რაც ხარაგაულის „უნივერმაღში“ მუშაობს. პარფიუმერიას, თეთრეულსა და შერეულ საქონელს ყიდის. მასთან ერთად „უნივერმაღში“ 5 თანამშრომელია, რომლებსაც ასევე შერეული სახის პროდუქცია აქვთ. მათ უნივერმაღის დახურვა 26 მარტს, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებისთანავე, მოუწიათ. ნინოს თქმით, ეს პერიოდი მისთვის და მისი თანამშრომლებისთვის მარტივი ნამდვილად არ იყო. ეკონომიურად გაუჭირდათ. ჯანმრთელობის პრობლემების გამო ხშირად საავადმყოფოში უწევდა ყოფნა თავად ნინოსაც.

– ძალიან შეწუხებულები ვართ და გვაინტერესებს, როდის რა იქნება, როდის რა გაიხსნება, რა ვქნათ. ჩვენ, რეალურად, სხვა შემოსავალი არ გვაქვს. ნისიებიც გვქონდა, რომელიც მარტში უნდა აგვეღო. თანხის ნაწილი  მომხმარებლებმა დისტანციურად მოგვაწოდეს, ნაწილი ისევ არ აგვიღია“.  

მისივე თქმით, ამ თვეების განმავლობაში მომხმარებლებს ხშირად სჭირდებოდათ ნივთების შეძენა, მაგრამ უნივერმაღი ვერ ფუნქციონირებდა: ზოგს წინდები, ზოგს ოთახის ფეხსაცმელი, ტანსაცმელი უნდოდა“.

ნინო ვარაუდობს, რომ ვაჭრობის ნებართვის შემდეგაც არ იქნება მარტივი მდგომარეობა, ვინაიდან კონკრეტულ საქონელზე საბაზრო ფასი მომატებულია.

– ცოტა ხნის წინ დისტრიბუტორებისგან შევიტყვე, რომ წინდის ფასი 3-4 ლარით უკვე გაზრდილია, -ამბობს ნინო, – ასევეა მამაკაცის თეთრეულის ფასიც – 14 ლარიდან 19 ლარამდე. მთლიანი ეკონომიკა შეცვლილია. რა თქმა უნდა, ფასები, ალბათ, მოიმატებს და ეს მარტივი არ იქნება. 

ნინო ლომიძის მსგავსად საქონელზე ფასების გაზრდას ვარაუდობს ცისანა  ჩიტაძეც, რომელსაც, წლებია, ხარაგაულში ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზია აქვს.

– ფასები ნამდვილად გაიზრდება, ჩვენგან დამოუკიდებლად; დოლარის კურსმა აიწია, კრიზისია, – ამბობს ის.  ცისანა ჩიტაძე მაღაზიის გახსნას აკრძალვის გაუქმებისთანავე აპირებს. თუმცა, როგორც ამბობს, მაღაზიაში ზამთრის სეზონის საქონელი აქვს შემორჩენილი, რომელიც მომხმარებელს ივნისში ნამდვილად არ გამოადგება. განახლებული პროდუქციით კი მაღაზიის მომარაგებას როდის შეძლებს, ცისანა ჩიტაძემ, ჯერჯერობით, არ იცის. 

მანანა ზიბზიბაძეც  ერთ-ერთია იმ ადამიანებს შორის, რომელთაც, წლებია, ხარაგაულში შერეული საქონლის მაღაზია აქვთ. შეზღუდვების პირობებში მაღაზიის დაკეტვა მასაც მოუწია. თუმცა ნაქირავები ფართის ღირებულების გადახდა არ შეუწყვეტია. მაღაზია მისი ოჯახის შემოსავლის მთავარი წყაროა და შესაბამისად, ეკონომიურად მისთვის გაზაფხული მძიმე აღმოჩნდა.

– ამ სიტუაციამ ჩემზე ძალიან მძიმედ იმოქმედა. არც 200-ლარიანი დახმარება ამიღია. ხარაგაულში ყველას გვიჭირს. ამ ხნის განმავლობაში მომხმარებლები მეკითხებოდნენ, თუ როდის შევძლებდი მაღაზიის გახსნას. ვერ ვაღებდი. ახლა ზამთრის ტანსაცმელი ჩამოვხსენი და სეზონის შესაბამისი საქონელი უნდა მოვიტანო. ფასები კი გაზრდილი იქნება“.

მანანა ზიბზიბაძის თქმით, საქონლის ღირებულების ფასი ყოველთვის იცვლება, როცა ეკონომიკას რამე  ტიპის  წნეხი აწვება. „ჩვენ დოლარის კურსზე ვართ დამოკიდებული. თუ თანხა არ გვექნება, საქონლის შესყიდვას ვერ მოვახერხებთ. საქონელი ლილოდან ჩამომაქვს. იქ ბევრი ახლობელი მყავს, რომელსაც დახმარება უნდა ვთხოვო, მაგრამ ბანკის ვალიც მაქვს, მარტივი არ იქნება. ერთი მხრივ, სახელმწიფოც მართალია, მაგრამ  ჩვენც რა ვქნათ“.  

მისივე თქმით, მყიდველებმა ამ თვეების განმავლობაში ნისიად წაღებული საქონლის ღირებულების გადახდა ჯერ კიდევ ვერ შეძლეს: „ბევრი იყო ასეთი, მაგრამ ყველა მიყვარს და პატივს ვცემ. ადამიანი მომავლით ცხოვრობს და იქნებ გამოკეთდეს სიტუაცია საქართველოში“. 

ივნისიდან ხარაგაულის შერეული საქონლის მაღაზიები გახსნას ელოდება. მფლობელებისა და გამყიდველების ნაწილი აღნიშნავს, რომ ეს ფაქტი მათთვის სასიხარულოა და შეზღუდვების მოხსნისა და პროდუქციის რეალიზაციასთან ერთად ერთმანეთთან მორალური თანადგომის საშუალებაც ექნებათ.

თამარ ჩხიკვაძე

ფოტოზე – ხარაგაულში უნივერმაღი დღემდე დაკეტილია.