პანდემიის პირობებში მიუსაფარ ცხოველთა პრობლემები კიდევ უფრო მეტად გამოიკვეთა. ჩვენი ოთხფეხა მეგობრები ქუჩაში ადამიანების გარეშე დარჩნენ და გაუჭირდათ. ოჯახებმა უარი თქვეს მათზე და ქუჩისთვის გაიმეტეს.

დავინტერესდით, რა მდგომარეობაა ამ კუთხით ხარაგაულში. ამისთვის „ხარაგაულდასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის“ უფროსს, თემურ ფურცელაძეს, დავუკავშირდით. მან ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ ბოლო სამი თვის განმავლობაში ხარაგაულში ძაღლების რაოდენობა გაიზარდა.

– მოსახლეობას აღარ სურს სახლში ძაღლი, რადგან მათ გამოკვება სჭირდება. სოფლებიდან ჩამოჰყავთ დახარაგაულში ტოვებენ. თებერვალში ტენდერი გამოვაცხადეთ ძაღლების გადასაყვანად. ტენდერი ჩავარდა. ხარაგაულში ძაღლების თავშესაფარი არ გვაქვს. დასავლეთ საქართველოში მხოლოდ ოთხ-ხუთ მუნიციპალიტეტშია. სამი თვეა, ძაღლები თავშესაფარში ვერ გადავიყვანეთ და თავისთავად ცხადია, რომ მომრავლდნენ.

22 მაისიდან, კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები რომ მოიხსნება, ტენდერის ხელახლა გამოცხადებას ვაპირებთ; შეღავათი რომ მივცეთ ამ კუთხით ხარაგაულის მოსახლეობას. ძაღლების გარდა, სხვა მიუსაფარი ცხოველები არ არიან დაბა ხარაგაულში“, – ამბობს თემურ ფურცელაძე.

ძაღლები მიჰყავთ ქუთაისის, ან დასავლეთ საქართველოს სხვა თავშესაფრებში, ვეტერინარულ მომსახურებას უწევენ, ყურზე უკეთებენ ე.წ. ბირკას, რითაც დგინდება, რომ ასეთი ძაღლი მოსახლეობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს და აბრუნებენ უკან იმავე რაოდენობას, რაც წაიყვანეს. მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ხარაგაულში რამდენიმე მიუსაფარი ძაღლი მიკედლებული ჰყავს და კვებავს.

– ძაღლების გადაყვანის დროს რამდენიმე მოქალაქე ხელს გვიშლის. ზოგიერთს ათი ძაღლი ჰყავს მიკედლებული. აივნიდან საჭმელს გადმოუყრის და ამის შემდეგ კომპანიას, რომელიც ტენდერში გაიმარჯვებს, ასეთი ძაღლის წაყვანის უფლება არ აქვს. როდესაც ერთი მოსახლე მაინც იტყვის, რომ ძაღლი არ წაიყვანო, არ მიჰყავთ. ეს ძალიან ცუდი ტენდენციაა. თუ უვლი, ეზოში უნდა გყავდეს, მოუარო და ქუჩაში არ უნდა გამოუშვა. ძაღლი უნდა იყოს გამოკვებილი, რადგან სხვა შემთხვევაში ისინი მოსახლეობისათვის აგრესიულები არიან“, – ამბობს თეიმურ ფურცელაძე.

გარდა მიუსაფარი ძაღლებისა, დაბა ხარაგაულში შინაური მსხვილფეხა პირუტყვის უყურადღებოდ გაშვების პრობლემაც არსებობს. ქუჩაში გაშვებული ცხოველები მწვანე ნარგავებს ანადგურებენ.

– შეწუხებული ვართ მოსახლეობისგან მსხვილფეხა პირუტყვის უმეთვალყურეოდ ქუჩებში გამოშვებით, რადგან სკვერებს, ნარგავებს აფუჭებენ. არ გვაქვს იმის ბერკეტი, რომ ან დავაჯარიმოთ, ან რაიმე სანქცია გავატაროთ. კარგი იქნება, თუ მოსახლეობა ამას ყურად იღებს და ცხენებს, ღორებს, საქონელს ქუჩაში არ გამოუშვებს. თუ ამას არ გაითვალისწინებენ, შესაბამის ღონისძიებებს, საჯარიმო სანქციებითაც კი გავატარებთ“, – ამბობს „ხარაგაულდასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურის“ უფროსი.

ლიკა ხიჯაკაძე