ხარაგაულელებს, ძირულა-ხარაგაული-მოლითის საავტომობილო გზის მშენებლობის გამო, ძლიერი დამტვერიანება გვაწუხებს.

ახლახან სოციალურ ქსელში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ ასეთი ინფორმაცია გაავრცელა:

„გაცნობებთ, რომ ხარაგაულის მერია თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში აწარმოებს მოლაპარაკებას საავტომობილო გზის მშენებელ კომპანია black sea group-თან. გარდა სიტყვიერი არაერთგზის მოთხოვნისა, კომპანიის დირექტორთან ოფიციალური წერილი გავაგზავნეთ, რათა დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები და ხარაგაულის ცენტრალური ქუჩა გადარეცხონ.

სამწუხაროდ, კომპანიას არ ჰყავს სპეციალური მანქანა, რომელიც წყლის ძლიერი ჭავლით ქუჩებს გადარეცხავს. მათ ჰყავთ ორი მანქანა, რომელთა წყლის სიძლიერე არ არის საკმარისი და პირიქით, უფრო გაუსაძლის მდგომარეობას ქმნის. კომპანიიდან მიღებული ბოლო ინფორმაციით, ისინი აქტიურად არიან ჩართული შესაბამისი მანქანის მოძიების პროცესში და იმედოვნებენ, რომ ქუჩების გადარეცხვას მალე დაიწყებენ“.

იქვე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია საავტომობილო გზების დეპარტამენტსა და კომპანია „ბლეს სი გრუპში“ გაგზავნილ დოკუმენტს აქვეყნებს.

ეს დოკუმენტი 2019 წლის 8 თებერვლით თარიღდება.

ფეისბუქის მომხმარებელი ქეთევან თათელაძე ამასთან დაკავშირებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტს პასუხობს:

„გავეცანი თქვენს მიერ black sea group-ისთვის გაგზავნილ დოკუმენტს, რომელიც დათარიღებულია 2019 წლის თებერვლით; ანუ ოფიციალური მიმართვიდან ზუსტად ერთი წელი და ერთი თვეა გასული. ეს ფურცელზე გაშანშალებულ მოვალეობის მოხდას უფრო ჰგავს, ვიდრე ზომების მიღებას. ერთწლიანი ლოდინის მერე იქნებ გეკითხათ იურისტებისთვის და გაგერკვიათ, კიდევ რა არის საჭირო პრობლემის მოსაგვარებლად და იმისათვის, რომ ხალხმა ჟანგბადის ნაცვლად ცემენტი არ ისუნთქოს.

მეორეც, – ხარაგაულში მოწესრიგებული საპირფარეშოები პრობლემა. წყალი არაა. ზაფხული მოდის, დამსვენებლებიც ჩამოდიან. ვედრით წყლის შესხმა დასუფთავებას არ ნიშნავს. გვერდს ვერ აუვლ-ჩაუვლით „მოწესრიგებულ“ საპირფარეშოებს! თუმცა თქვენ ვერც ხედავთ ამ პრობლემას და როგორ მოაგვარებდით.

გზის მორწყვის პრობლემა თუ წელიწადს ითვლის, საპირფარეშოების პრობლემა უვადოა!“