წიგნის საჯაროდ კითხვის დღესთან დაკავშირებით ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრმა (უფროსი მარინა ვეფხვაძე) ლიტერატურული კაფე-საღამო გამართა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი საჯარო სკოლების დირექტორებმა, ყოფილი განათლების განყოფილების ღვაწლმოსილმა მუშაკებმა და გასულ წლებში რესურსცენტრის ხელმძღვანელებმა წიგნისა და ლიტერატურისადმი დამოკიდებულება მათთვის საყვარელი ლექსებით გამოხატეს.

ლიტერატურული საღამოს მონაწილეებს საკუთარი ახალი ლექსები გააცნეს ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის დირექტორმა, პოეტმა ვალერი გოგნაძემ, ღვაწლმოსილმა პედაგოგმა დავით ლურსმანაშვილმა, საღანძილის საჯარო სკოლის მენტორმა მასწავლებელმა ირმა ყრუაშვილმა და ლაშის საჯარო სკოლის პედაგოგმა ლამარა ჭანკოტაძემ.

შეკრებილმა პედაგოგიურმა საზოგადოებამ მადლიერება გამოხატა შეხვედრაზე მოწვეული საპატიო სტუმრების – თენგიზ შერგელაშვილისა და რუსუდან თაბუკაშვილის მიმართ იმ დამსახურებისათვის, რაც მათ მიუძღვით გასული საუკუნის 70-იან – 90-იან წლებში ხარაგაულის განათლების განყოფილებაში მუშაობისათვის.

გთავაზობთ ვალერი გოგნაძის ერთ-ერთ ლექსს, რომელიც მან შეხვედრაზე წაიკითხა.

ადამიანად ყოფნა მძიმეა
და უფრო დიდი ტვირთი – კაცობა,
ცხოვრება ერთი დიდი მღვიმეა,
ყოველდღე გვიწევს მისი გაცნობა.

წუთისოფელი ერთი ჩქამია,
ჩვენი სიცოცხლე – ლოცვის სანთელი,
ყოფნა ო, მართლა კარგი რამეა,
არყოფნა – თოვლის თეთრი ფანტელი.

სიწმინდე ჩემი გრძნობის ლიბოა,
სულ ახდილი მაქვს გულის ყავარი,
ვიცი, მთავარი მაინც სითბოა,
სიყვარული კი – უფრო მთავარი.

ფოტოზე: ლიტერატურული კაფე-საღამოს მონაწილეები