ამას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძის ინფორმაციით მაშინ შევიტყობთ, როცა მერი საკრებულოს 2019 წლის საქმიანობის ანგარიშს წარუდგენს.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, ნიკო თოფურიძის, საკრებულოს 20 იანვრის სხდომაზე მისვლას და საბიუჯეტო ცვლილებებზე განმარტებას ფრაქციის „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილი ითხოვდა.

გასული წლების ნაშთების ასახვის მიზნით ხარაგაულის 2020 წლის ბიუჯეტში ცვლილება განხორციელდა. 2014-2019 წლებში საფინანსო ნაშთმა 3 922 022 ლარს მიაღწია, აქედან 3 713 492 ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტისთვის გამოყოფილი სახსრების ნაშთია, ხოლო 208 529 ლარი – საკუთარი საბიუჯეტო სახსრების ნაშთი.

თორნიკე ავალიშვილი საბიუჯეტო ნაშთების დაგროვების მიზეზებზე განმარტებებს ითხოვს.

კერძოდ,

  • რატომ ვერ აითვისა მერიამ 2014-2019 წლებში გზების რეაბილიტაციის, ხიდ-ბოგირების მშენებლობის, წყალმომარაგების სისტემის მოწყობის, სოფლის ამბულატორიების რემონტის, სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები;
  • რა გაკეთდა ააიპ „იმერეთის დანიშნულების ადგილის მართვის ორგანიზაციის“ მიერ ხარაგაულში ტურიზმის განვითარებისთვის და რატომ ვუხდით ამ ორგანიზაციას ბიუჯეტიდან 8 284 ლარს;
  • უწყლოდ დარჩენილი მოსახლეობის პრობლემის მოსაგვარებლად რატომ არ დადო მერმა ტენდერის გარეშე ხელშეკრულება სამუშაოების შემსრულებელთან;
  • რატომ ვერ დაასაბუთა მერიამ სასამართლოში, რომ შპს „დალა 73“-ს ჯარიმა კანონიერად დააკისრა.

„ვეთანხმებით თორნიკე ავალიშვილს. მუნიციპალიტეტის მერი ასეთი მტკივნეული საკითხების განხილვას უნდა ესწრებოდეს, – ამბობს საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე, – ჩვენც ბევრი შეკითხვა გვაქვს, მაგრამ რვა თვეა, ნიკო თოფურიძე საკრებულოს სხდომებზე არ მობრძანებულა. ახლა მერისგან გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს ველოდებით და მერე გავიგებთ, თუ რა უშლის ხელს საქმის კეთებაში.“

თორნიკე ავალიშვილი მიიჩნევს, რომ საკრებულომ ერთხელ მაინც რადიკალური ნაბიჯი უნდა გადადგას და არ დაუჭიროს მხარი მერიისგან საკრებულოში წარდგენილ დოკუმენტებს.

„მერს სურს, რომ დეპუტატები ერთმანეთს დავუპირისპირდეთ. მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, საბიუჯეტო ცვლილებას დღეს მხარი დავუჭიროთ და მერის ანგარიშს დაველოდოთ. ამ პრობლემებს მალე წერტილი დაესმება,“ – ამბობს მანანა ბარბაქაძე.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის ანგარიშს საკრებულო 20 იანვრის ბიუროს სხდომაზე ელოდებოდა. მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის, კახა გოლუბიანის ინფორმაციით, მერი ნიკო თოფურიძე 2019 წელს გაწეული მუშაობის ანგარიშს საკრებულოს ამ კვირაში წარუდგენს.

ნინო კაპანაძე