ნისია არ გაიცემა! – დიდი შრიფტით ამობეჭდილ ამ წარწერას ყველა მაღაზიაში, აფთიაქსა თუ სალონში ვხვდებით. თუმცა, გამყიდველმაც კარგად იცის და მყიდველმაც, რომ ნისიის გარეშე ხარაგაულში ვერ იცხოვრებ. მოსახლეობის ნაწილს ფული წამლისა და საჭმლისთვის თვიდან თვემდე არ აქვს, ნაწილისთვის კი ნისია ცხოვრების წესად იქცა.

„ვიწყებ ურჩი, უნამუსო და მრავალგზის შეხსენებისა და გაფრთხილების მიუხედავად დაუმორჩილებელ გადამხდელთა, უფრო სწორად, არგადამხდელთა სიის გამოქვეყნებას. საკმარისია მრავალწლიანი ხელშეწყობა“, – ხარაგაულში აფთიაქის „36/6“ მენეჯერის, თამარ სხილაძის ამ საჯარო განცხადებას სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

მოქალაქეების უმრავლესობა თამარს მხარს უჭერს და მადლობას უხდის თანადგომისთვის, ზოგი სიმშვიდისკენ, ზოგიც მოვალეთა სიის გამოქვეყნებისკენ მოუწოდებს. მაღაზიების, სალონისა და კაფეს მეპატრონეებმაც დაიჩივლეს, რომ მოვალეთა „ტოპათეულს“ ისინიც გაასაჯაროვებენ.

მოვალეთა ნაწილი საჯარო მოხელეა. დავიჯერო, იმის საშუალება არ აქვს, რომ თვეში ათი ლარი გადადონ?! ნისიის თანხა დროულად უფრო გაჭირვებულებს მოაქვთ, სოციალური დახმარების გარდა სხვა შემოსავალი რომ არ აქვთ. პატივისცემის ნიშნად, რომ ვანისიავე, ზოგჯერ ქათამიც მოუყვანიათ. გაჭირვებული გლეხი უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძნობს.

ვერავინ იტყვის, რომ ოდესმე ვინმეს გვერდით არ დავუდექი. საპასუხოდ არაფერი მინდა. არ იფიქროთ, რომ ვინმესგან დაფასებას ველი, მაგრამ მარტო მე გამზარდა მამაჩემმა ასე?! რატომ  არ ფიქრობენ, რომ მეც მყავს შვილები. ისინი ჰაერზე ხომ არ იზრდებიან“.

ე. წ. „გაყინული ვალები“ თამარ სხილაძეს რვეულიდან რვეულში გადააქვს. ამბობს, რომ ტყუილს ვერ იტყვის და ანბანის მიხედვით მოვალეთა სიის გამოქვეყნებას ამ თვის ბოლოდან აპირებს.

„მადლობა ღმერთს, რომ კვირები და თვეები არ ილევა, – ამბობს „სარკის სახლის“ მეპატრონე ქეთევან რობაქიძე, – ერთი-ორი თვე კი არა, წლებია, ნისიად წაღებული პროდუქციის თანხას ველოდები. მპირდებიან, რომ მომავალ თვეში მომიტანენ, მაგრამ ეს „მომავალი თვე“ როდის იქნება, აღარ ვიცი. მართლა გაჭირვებული ვინც არის, იმას კაპიკ-კაპიკ მოაქვს, ზოგმა საერთოდ დაივიწყა. გზაში რომ მხვდებიან, გამარჯობასაც არ კადრულობენ“.

„ნისია“ არა მარტო ხარაგაულის, არამედ მთელი საქართველოს პრობლემაა, – ამბობს მასწავლებელი თეა ტალახაძე, – ყველა ვალით ვცხოვრობთ – ხელფასიდან ხელფასამდე. შეიძლება რამდენიმე თვეც ვერ შევძლოთ ნაყიდი პროდუქციის თანხის გადახდა, მაგრამ ეს პასუხისმგებლობისგან არ გვათავისუფლებს.

აფთიაქის მეპატრონე თამარ სხილაძე თითოეული ხარაგაულელისთვის დიდი საყრდენი, ძალა და მეგობარია, ყველას ხელის გამმართავი. ამ ზაფხულს, როდესაც ცუდად ვიყავი, ზუსტად ვიცოდი, ვისი იმედი უნდა მქონოდა. თამარ სხილაძეს ჩემს გამოჯანმრთელებაში დიდი წვლილი მიუძღვის. ვფიქრობ, ასეთი ადამიანები აძლიერებენ საზოგადოებას. ამიტომ მათ ხელი უნდა შევუწყოთ, ვემეგობროთ და მათი კეთილგანწყობით ბოროტად არ ვისარგებლოთ“.

ნინო კაპანაძე