„რა არის სიცოცხლე? სიცოცხლე სევდა არის ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა.
სიკვდილი რაღა არის? სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არყოფნის სევდა“.

სწორედ რომ სევდა და დიდი ტკივილია თქვენზე წარსულში საუბარი, იზო მასწავლებელო!

რთულია ისაუბრო ადამიანზე, რომელმაც თავისი წასვლით უდიდესი მწუხარება დატოვა და გადაინაცვლა იქ, სადაც „მართალნი განისვენებენ“. დაგვიტოვა ტკივილი, მწუხარება და გულისწყვეტა.

თავზარდამცემი იყო ჩვენთვის იმის გაგება, რომ ექიმები უძლურნი აღმოჩნდნენ თქვენი ავადმყოფობის წინაშე. მიუხედავად თქვენი საფიცარი შვილების თავდადებისა, უკურნებელი სენი მაინც ვერ დაამარცხეთ.

ძვირფასო იზო მასწავლებელო! თქვენ ძალიან დიდი დანაკლისი ხართ ჩვენი სკოლისათვის. საუკეთესო სპეციალისტი, თქვენი საგნის – ქიმიის ღრმად მცოდნე, მომთხოვნი, სამართლიანი, საოცარი იუმორის ბრძანდებოდით. 

დააკლდით ოჯახს, ახლობლებს, შვილებს – ზაზასა და ლაშას. თქვენმა მდგომარეობამ არ მოგვცა სამოღვაწეო ასპარეზიდან ღირსეულად გაცილების შესაძლებლობა.

ჩვენო იზო მასწავლებელო, თქვენნაირი დიდებული ადამიანების სახელი უკვდავია. გვჯერა, თქვენი დიდი და კეთილი გულის გამო უფალთან ახლოს ხართ ცათა სასუფეველში. ღმერთმა ნათელი არ მოაკლოს თქვენს მართალ სულს!

დიდი გულისტკივილით, ვახანის საჯარო სკოლის თანამშრომლები, მოსწავლეები და მოსწავლეთა მშობლები