ჭიათურის მუნიციპალიტეტში მოქმედი თერთმეტი საექიმო ამბულატორიიდან ცხრა ამბულატორია, ბიუჯეტის მიმართ დავალიანების გამო, ლიკვიდაციის რეჟიმშია გადაყვანილი.

მეშვიდე წელია, ამ ამბულატორიების შენობები დაყადაღებულია, რის გამოც ჭიათურის მუნიციპალიტეტი ვერ ირეგისტრირებს და საექიმო ამბულატორიების ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ვერ ახერხებს.

თვითმმართველობებმა, მიმდინარე წელს, ცენტრალური ბიუჯეტიდან ამბულატორიების სარეაბილიტაციოდ დაფინანსება მიიღეს. ჭიათურის მუნიციპალიტეტმა – 75 ათასი ლარის ოდენობით. მერიის ჯანდაცვისა დ სოციალური უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის, იოანე ვაშაძის ინფორმაციით ამ თანხით სამი ამბულატორიის ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა. მათგან ორი ამბულატორიასარქველეთუბნისა და ხვაშითის – ადმინისტრაციულ შენობებშია განთავსებული, ხოლო ნიგოზეთის ამბულატორიას ბიუჯეტის მიმართ დავალინება არ აქვს.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი გიორგი ბიწაძე ამბობს, რომ სახელმწიფოს მიერ 100%-იანი წილით დაფუძნებული შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებები ჭიათურის მუნიციპალიტეტს 2012 წელს უნდა გადმოცემოდა. ამ გადაწყვეტილების მიღებიდან მალევე ამბულატორიები შემოსავლების სამსახურმა შეამოწმა და ბიუჯეტის მიმართ დავალიანების გადახდა დააკისრა.

„თერთმეტიდან მხოლოდ ორს –  ნიგოზეთისა და კაცხის ამბულატორიებს არ აქვთ დავალიანება, – განმარტავს გიორგი ბიწაძე, – შემოსავლების სამსახურიდან მიღებული სამართლებრივი აქტიდან ირკვევა, რომ ამბულატორიებს დავალიანება გასულ წლებში მოგებისა და საშემოსავლო გადასახადის გადაუხდელობის გამო დაუგროვდათ, რასაც ყოველდღიურად ჯარიმა-საურავები ერიცხება.

ერთ წელზე მეტია, რაც ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიამ ფინანსთა სამინისტროს საექიმო ამბულატორიების საბიუჯეტო დავალიანებების ჩამოწერის თხოვნით მიმართა. თუმცა ამ დრომდე პასუხი არ მიგვიღია. რადგან საქმე ამბულატორიების შენობებს ეხება, საქმეში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ჩავრთეთ.

მერიას სურს, რომ ამბულატორიებში ინფრასტრუქტურული პრობლემები მოაწესრიგოს, მაგრამ რადგან ქონება დაყადაღებულია, ამას ვერ ვახერხებთ“.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ რგანის სოფლის ექიმი ნინო მახათაძე გვიამბობს, რომ შენობა, სადაც პაციენტებს იღებენ, ნორმალურ მდგომარეობაშია. ნინო ექიმის ინფორმაციით, აუდიტმა წლის ბოლოს ანგარიშზე არსებული თანხა ორგანიზაციას მოგებაში ჩაუთვალა.

„ჩვენ ანგარიშზე ფიქსირდებოდა ამორტიზაციის თანხები, რომელიც წლიდან წლამდე არ გაგვიხარჯავს, – ამბობს ნინო მახათაძე, – ეს თანხა მოგებად ჩაგვითვალეს და მოგების გადასახადი დაგვაკისრეს. თავიდან 4 ათასი ლარის გადახდა დაგვეკისრა. ახლა ეს თანხა 13 ათას ლარამდე გაიზარდა“.

ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ სვერის ამბულატორიას წყალი არ აქვს, შენობაში წყალი ჩამოდის. შემოსაღობია ამბულატორიის ეზო. გასაკეთებელია ორი კარები. ექიმი ნესტან აბესაძე წუხს, რომ ექიმებმა ბუღალტრის, სტატისტიკოსის, ხელოსნის ფუნქციებიც შეითავსეს.

„სახურავიდან წვიმის დროს ყველგან წყალი ჩამოდის, – ამბობს პერევისას საექიმო ამბულატორიის ექიმი აზა კობახიძე, – შენობაში წყალგაყვანილობა გაფუჭებულია. სოფლის ექიმები კომერციულ საქმიანობას არ ვეწეოდით და საინტერესოა, მოგების გადასახადი რატომ დაგვეკისრა?!“

ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ალექსანდრე ციცქიშვილი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლება ამბულატორიებისთვის ახალ შენობებს აშენებს: „უსახელოში ახალი შენობა აიგო. ახალი შენობა შენდება ქვაციხეშიც. ნიგოზეთში, სარქველეთუბანსა და ხვაშითში ინფრასტრუქტურა მოვაწესრიგეთ. სამწუხაროდ, დაყადაღებულ შენობებს ვერ ვეხებით. ეს საკითხი ცენტრალურმა ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს – საგადასახადო დავალიანება უნდა ჩამოიწეროს. ასე გაგრძელება წარმოუდგენელია“.

„ჩემი იმერეთის“ რედაქცია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს დაუკავშირდა შეკითხვით, თუ რა ეტაპზეა ამჟამად ჭიათურის საექიმო ამბულატორიების საგადასახადო დავალიანებების ჩამოწერის საკითხი და როგორ აპირებს სამინისტრო ამ პრობლემის მოგვარებას. ფინანსთა სამინისტროს პასუხს მიღებისთანავე გაცნობებთ.

ნინო კაპანაძე