საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა სერტიფიცირების გამოცდის ჩაბარების მსურველებს შესაძლებლობა აქვთ გამოცდისთვის დარეგისტრირდნენ დისტანციურად, 2019 წლის 4 ნოემბრის 10:00 სთ-იდან – 17 ნოემბრის 24:00 სთ-მდე, შაბათ-კვირის ჩათვლით, ელექტრონულ მისამართზე:  http://registration.cec.gov.ge.

რეგისტრაციის ინსტრუქცია:

გამოცდის ჩაბარების მსურველი ავსებს ელექტრონული განაცხადის ველებს – პირადი ნომერი (საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის მიხედვით) და გვარი;

ამის შემდეგ ავტომატურად ივსება ელექტრონული განაცხადის შემდეგი ველები – სახელი, დაბადების თარიღი, სქესი და მისამართი;

სასურველია გამოცდის ჩაბარების მსურველმა ასევე შეავსოს საკონტაქტო ინფორმაციის ველები – ტელეფონი და ელ-ფოსტა;

გამოცდის ჩაბარების მსურველი შეხედულებისამებრ ნიშნავს პერსონალური მონაცემების გაცემაზე თანხმობის ველს (თანხმობის საფუძველზე, გამოცდის ჩაბარების მსურველის მიერ სასერტიფიკაციო გამოცდაზე დადებითი შეფასების მიღების შემთხვევაში, პერსონალური მონაცემები (გვარი, სახელი, დაბადების თარიღი, სქესი, მისამართი, ტელეფონი, ელ.ფოსტა) გაიცემა საარჩევნო რეგისტრაციის მქონე პარტიებსა და ცესკოში რეგისტრირებულ ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებზე, ასეთი ინფორმაციის სწავლების ცენტრიდან წერილობით გამოთხოვის შემთხვევაში);

გამოცდის ჩაბარების მსურველი რეგისტრაციისას შეხედულებისამებრ არჩევს გამოცდის ჩაბარების ადგილს (თბილისი ან ქუთაისი), ასევე, გამოცდაზე გამოცხადების თარიღსა და დროს (საათი);

აღსანიშნავია, რომ დღემდე სასერტიფიკაციო გამოცდები ტარდებოდა თბილისში მოქმედ საგამოცდო ცენტრში, წელს კი სერვისის გაუმჯობესების მიზნით დამატებით გაიხსნა ახალი საგამოცდო ცენტრი ქუთაისში;

შევსებული ელექტრონული განაცხადის გაგზავნისთანავე გამოცდის ჩაბარების მსურველი ავტომატურ რეჟიმში ელექტრონულად იღებს შეტყობინებას რეგისტრაციის დადასტურების შესახებ (გამოცდაზე გამოცხადების თარიღის, დროისა და ადგილის მითითებით).

რეგისტრაციის მიზნით მოქალაქეებს აგრეთვე  აქვთ შესაძლებლობა მიმართონ სერტიფიცირების საგამოცდო ცენტრებს, 2019 წლის 4 ნოემბრიდან 17 ნოემბრის ჩათვლით, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, შაბათ – კვირისა და უქმე დღეების გარდა, შემდეგ მისამართებზე:

ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ. (ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული შენობა);

ქ. ქუთაისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი N31 (N59 ქუთაისის საოლქო საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციული შენობა).

წყარო